ჯგუფში 2 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მარცხი განიცადა. თემურ კანკიას გუნდს პრინციპული მეტოქე ჰყავდა ჩრდილოეთ მაკედონიის სახით, რომელიც C ჯგუფში ჩვენი ნაკრების მსგავსად დაუმარცხებელი გახლდათ. ამ მატჩის მომგები გუნდი ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერდებოდა და ფაქტობრივად ინაღდებდა პლეი ოფის საგზურს. სამწუხაროდ, ეს უპირატესობები მაკედონიელებს დარჩათ, რომლებმაც მატჩი მეტი მობილიზებითა და სიზუსტით ჩაატარეს.
ქართველებმა ვერაფერი მოუხერხეს მაკედონელთა უნივერსალ მოთამაშეს – ანდრეი იაკიმოვსკის, რომელმაც 33 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მან 7-დან 4 სამქულიანი, 6-დან 4 ორიანი და 13-დან 13 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან, ვიქტორ ისაილოსკიმ 5 სამიანი ჩაგვიგდო და ძირითადი მიზეზიც, რატომაც ქართველებმა ეს თამაში წააგეს, შორი სროლები გახლდათ. საქართველოს ნაკრების წევრებმა ძალიან ბევრი თავისუფალი სამქულიანი სროლა ააცილეს: 28 ცდიდან მხოლოდ 4 ჩააგდეს, ბალკანელებმა კი 27-დან 10 გაარტყეს მიზანში.
ბოლო მომენტშიც, სწორედ მაკედონიელთა 2-მა სამიანმა გადაწყვიტა უშუალოდ მატჩის ბედი. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანგარიში ფრე – 77:77 იყო, როცა ზემოთნახსენებმა იაკიმოვსკიმ, შემდეგ კი ისაილოსკიმ მიყოლებით შეტევებში მიითვალეს შორი სროლები და საფინალო სირენამდე 1:16 წუთით ადრე მაკედონია 83:77 დაწინაურდა. ამის შემდეგ ქართველებმა ვითარება ვეღარ გამოასწორეს და საბოლოოდ 79:87 დამარცხდნენ.
ჩვენს ნაკრებში 20 ქულით ბომბარდირი გახდა ლაშა მიქელაძე, 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა რატი ანდრონიკაშვილმა, ვოვა თავაქარაშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. 8 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა ირაკლი კილაძე.
მაკედონიელები ჯგუფში წაუგებლად გალიდერდნენ, საქართველოს და უკრაინას კი 3-დან 2 მოგება აქვთ. ხვალ დასვენების დღეა, ხოლო 30 ივლისს საქართველო და უკრაინა შეხვდებიან ერთმანეთს და გამარჯვებული ფაქტობრივად გაინაღდებს პლეი ოფის საგზურს.
ჩრდ. მაკედონია – საქართელო
სტატისტიკა: 87:79