20-წლამდელთა ჩემპიონატი დღეს ფინალური მატჩითა და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება

20-წლამდელთა ჩემპიონატი დღეს ფინალური მატჩითა და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება

დღეს სრულდება ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონი, რომელსაც პირველად, ისტორიაში, საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს. თბილისში აქამდე ფიბა-ს საერთაშორისო ტურნირებიდან გოგონათა ასაკობრივი ჩემპიონატები, 3×3 კალათბურთში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი და კორონავირუსული პანდემიის გამო ფორმატშეცვლილი 20 წლამდე ვაჟთა და 16 წლამდე გოგონათა ჩელენჯერები გამართულა. 20-წლამდელთა “ბ” დივიზიონი კი ნახსენები ტურნირებიდან ყველაზე მასშტაბური და რანგით მაღლა მდგომია. საქართველოს დედაქალაქს 18 ქვეყნის ნაკრები ესტუმრა, რომლებმაც შესანიშნავ სპორტულ კომპლექსში, რომელშიც 3 სხვადასხვა სიდიდის დარბაზია გაერთიანებული, საკმაოდ საინტერესო, დაძაბული და თვალსასეირო თამაშები გამართეს.

დღეს ფინალია – სამწუხაროდ, ქართველების მონაწილეობის გარეშე. “ბ” დივიზიონის ჩემპიონობისთვის ევროპის საკალათბურთო გრანდი სერბეთი პაწაწინა ისლანდიას შეხვდება. ამ ფაქტიდანაც ჩანს, რომ ისლანდია, რომელიც ჩვენი ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქეა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საკმაოდ მაღალ საფეხურზეა ასული და ილიას ზუროსის გუნდს მთელი ძალისხმევა მართებს უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე კუნძულელების დასამარცხებლად. 

დავუბრუნდეთ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს, რომლის ორგანიზებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფიბა-სთან თანამშრომლობითა და რეკომენდაციების დაცვით წარმატებით ახორციელებს. თბილისის სტუმარ უცხოურ გუნდებს აქვთ უმაღლესი დონის სერვისი, რადგან აღნიშნული ტურნირი მიიჩნევა როგორც ევრობასკეტის გენერალური რეპეტიცია. ჩვენი დედაქალაქი ხომ სექტემბერში ევროპის უმთავრეს საკალათბურთო ღონისძიებას – ევრობასკეტს მასპინძლობს და მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილეები ორგანიზატორთა მხრიდან ზუსტად იმ დონის სერვისებით სარგებლობენ, რაც მომავალ ევრობასკეტზე იქნება გათვალისწინებული.

ფინალური მატჩი 21:15 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი. ტურნირზე გამოვლინდება სიმბოლური, საუკეთესო ხუთეული, ჩემპიონ-პრიზიორები კი შესაბამისი მედლებითა და თასით დაჯილდოვდებიან. დღევანდელი ფინალით როდი სრულდება საკალათბურთო ციებ-ცხელება: ესტაფეტა გადაეცემა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც შეკრებაზე სლოვენიაში მიემგზავრება და ემზადება აგვისტოს ბოლოს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისა და ზემოთ არაერთხელ ნახსენები ევრობასკეტისთვის.