საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჯგუფიდან გასვლის ზღვარზეა. იმისთვის, რომ მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის პლეი ოფში გააღწიოს, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას უნდა მოუგოს. ეს უფლება ქართველებმა დღეს, კოსოვოს ძლევის შემდეგ მოიპოვეს. მძიმე პირველი ნახევრის შემდეგ ქართველებმა დიდებული მეორე ტაიმი ითამაშეს და კოსოვოელები 33 ქულით გაანადგურეს – 92:59 (სტატისტიკა).
სასიხარულოა, რომ ჩვენს ნაკრებს დაუბრუნდა ტურნირის პირველ შეხვედრაში, ავსტრიასთან ტრავმირებული ლუკა ლიკლიკაძე, რომელმაც შვედეთთან წაგებული მატჩი გამოტოვა და მოედანს კოსოვოსთან პრინციპულ მატჩში დაუბრუნდა. ლუკამ საკმაოდ კარგად ითამაშა და გამარჯვების მოპოვებაში ნაკრებს დიდად დაეხმარა. ყველაზე შედეგიანი ვლადიმერ თავაქარაშვილი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა, 5 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა. 17 ქულა დააგროვა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა. 11 ქულა ჰქონდა ზურა ვაშაკიძეს, ხოლო 10 – ვახტანგ გოგბერაშვილს.
ჩვენი მატჩის პარალელურად ოლიმპიურ სასახლეში შვედეთმა ბეწვის ხიდზე გაიარა. ჩვენგან იოლად ძლეულ ავსტრიას შვედებმა მხოლოდ 1 ქულით – 73/ლ72 მოუგეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მატჩის უმეტეს დროს აგებდნენ და წაგებას ბეწვზე გადაურჩნენ. ეს რომ წაეგო, შვედები მაინც პირველ ადგილზე გადიოდნენ ჯგუფში, რადგან უშუალო კონკურენტებთან – საქართველოსთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჯგუფის თამაშები მოგებული აქვთ და ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთშეხვედრების ხარჯზე პირველობას არ კარგავდნენ. ახლა კი ჩვენს, B ჯგუფში გასარკვევი მეორე გამსვლელი გუნდის ვინაობაა. ქართულ-მაკედონიურ დაპირისპირებას რომელი ნაკრებიც მოიგებს, მეოთხედფინალშიც ის გავა.
სხვა ჯგუფებში რა ხდება? A ჯგუფიდან გამსვლელი ორივე გუნდის ვინაობა გარკვეულია. ესტონეთი პირველია, ისლანდია – მეორე. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ესტონეთი იქნება. C ჯგუფში გასასვლელად 3 ნაკრები – ლატვია, ბულგარეთი და ირლანდია იბრძვიან. ბოლო ტურში ირლანდია ბულგარეთ ეთამაშება და თუკი მოიგებს, დიდი ალბათობით, ნახსენებ სამივე გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდებათ და ყველაფერს ურთიერთშეხვედრები გადაწყვეტს.
ბოლო, D ჯგუფში ტურნირის მთავარი ფავორიტი სერბეთი პირველ ადგილზე გავიდა, მეორე მეოთხედფინალისტი კი დიდი ალბათობით ფინეთი იქნება. სკანდინავიელებს პლეი ოფში გასასვლელად ჯგუფის ბოლო მატჩში ალბანეთის დამარცხება მართებთ, რაც ფაქტობრივად დროის ამბავია.
ანუ 8 მეოთხედფინალისტიდან 4 ცნობილია – ესტონეთი, ისლანდია, შვედეთი და სერბეთი. დანარჩენთა ვინაობას 20 ივლისის მატჩები გამოავლენენ.