საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. მილოშ გლიგორიევიჩის გუნდის მეტოქე გახლდათ აუტსაიდერი სომხეთი, რომელმაც პირველ ტურში შვედეთთან 26:149 წაგებით საკუთარი უსუსურობის ლუსტრაცია მოახდინა. ქართველებმა სომხებს 52 ქულით – 98:46 მოუგეს და ეს მატჩი მწვრთნელთა შტაბმა, რომელშიც გლიგორიევიჩთან ერთად ჯაბა ბაქრაძე და ირაკლი ძიძიგური შედიან, გუნდის შესათამაშებლად კარგად გამოიყენა.
თუკი პირველ, ჰოლანდიასთან მოგებულ მატჩში მოედანზე 10 მოთამაშე ვიხილეთ, სომხეთთან 12-ივე კალათბურთელმა ითამაშა. თანაც, მწვრთნელმა სათამაშო დრო ყველას თითქმის თანაბრად გადაუნაწილა. საქართველოს ნაკრების წევრთაგან 11-ის სათამაშო დრო 10-დან 20 წუთის ფარგლებში მერყეობდა – მხოლოდ დავით კაკუშაძემ ითამაშა 21:43 წუთი.
ქართველებს სომხების ძლევა არ გასჭირვებიათ. გლიგორიევიჩმა და მისმა ასისტენტებმა ეს მატჩი უფრო ტაქტიკისა და კომბინაციების დასამუშავებლად გამოიყენეს. შვედეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ აუტსაიდერთან ვარჯიშის დარი მატჩის ჩატარება ძალიან სასარგებლო გახლდათ.
საქართველოს ნაკრებში მეტოქის ფარი ყველამ დალაშქრა. შედეგიანობით საუკეთესო ბერდია ქავთარაძე გახლდათ, რომელმაც 14:41 წუთში 7 ქულა, 7 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა და სარგებლიანობის უმაღლესი ინდექსი (19) დააფიქსირა. ლუკა მაზიაშვილმა (18 ინდექსი) 11 ქულა, 5 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა 14 ქულა მოაგროვა, ვახტანგ გაფრინდაშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა.
მეორე ტურში შედგა ჯგუფიდან გასვლის კანდიდატების – ესტონეთისა და შვედეთის მატჩი, რომელიც ესტონელთა გამარჯვებით – 59:56 დასრულდა. მესამე შეხვედრაში ჰოლანდიამ კოსოვო 88:40 გაანადგურა. 14 ივლისს საქართველო შვედეთს შეხვდება და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის საკითხს ფაქტობრივად დადებითად გადაწყვეტს. შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. მისი პირდაპირ ეთერში ყურება შეგეძლებათ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=eQeDAQqz4JM
საქართველო – სომხეთი
სტატისტიკა: 98:46
საქართველო – სომხეთი. მატჩის სრული ვიდეოჩანაწერი