სუპერლიგის მეშვიდე ტური დღეს დრამატული მატჩით დაიწყო. მიმდინარე ჩემპიონატის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, თსუ-ს შეხვდა და სტუდენტურ დერბიში გამარჯვებული დამატებით დროში გაირკვა.
ფავორიტად, რა თქმა უნდა, კავკასიის უნივერსიტეტი ითვლებოდა.
ბექა წივწივაძის გაწვრთნილ გუნდს მიმდინარე სეზონში დამარცხება არ აქვს, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სუპერლიგის სამი მოგებით დაწყების შემდეგ ზედიზედ სამი მატჩი წააგო. თუმცა მოხდა ის, რასაც მებრძოლი ხასიათის მქონე ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ-სგან ელოდნენ — სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს კავკასიელებს და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ძირითადი დროის ბოლო წამებზე არაერთი ხელსაყრელი მომენტი გააცუდეს და მატჩი დამატებით დროში გადაიზარდა.
ოვერტაიმში თსუ ისევ გალიდერდა, თუმცა კავკასიელთა გამოცდილებამ თავისი გაიტანა. კსუ-კავკასიამ ზედიზედ მეექვსე მატჩში მოიგო და სუპერლიგის ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა, ხოლო თსუ-სთვის ეს იყო ზედიზედ მეოთხე მარცხი და გუნდს უიღბლო სერიის შესაწყვეტად ცდა მოუწევს, რადგან ახლა სუპერლიგაში სანაკრებო პაუზა ცხადდება და დეკემბრის დასაწყისამდე თამაშები აღარ გაიმართება.
მაინც რატომ მოხდა, რომ კავკასიამ, რომელსაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მარცხს თვალებში ჩახედა? ძნელი სათქმელია, რომ მთავარმა მწვრთნელმა ძალები დაზოგა, რადგან გუნდს რამდენიმე დღეში ჩრდილოეთის ლიგაზე ავსტრიაში უწევს თამაში, თუმცა ფაქტია, იყო მომენტები, როცა გუნდის წამყვანი მოთამაშეები, უფრო კი ლეგიონერები მოედანზე არ იყვნენ და სწორედ ასეთ მომენტებში ხდებოდა თსუ-ს სპურტი და თამაშის შემობრუნება. ბოლო პერიოდში უკვე ცხადი გახდა, რომ თუკი სრული შემადგენლობით არ დაუდგებოდა მეტოქეს, კსუ-კავკასია წაგებას ვერ გადაურჩებოდა და ამიტომ იყო, რომ ბოლო პერიოდში უშეღავათო ბრძოლა ვიხილეთ.
თსუ-ს პერიმეტრიდან, შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლა – ლეგიონერებმა შორი სამიანები ჩააგდეს და თსუ ბოლოსწინა წუთზე ოთხ ქულას იგებდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ძირითადი დროის ბოლოსკენ დაშვებული შეცდომების გამო, როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა და ოვერტაიმში უკვე კავკასიამ გაიმარჯვა.
მატჩში ყველაზე მეტი — 24 ქულა თსუ-ს შემადგენლობიდან ენდრიუ ობრაიენმა ჩააგდო, ხოლო მის თანაგუნდელ დალას ჰაუელს 19 ქულა და 10 მოხსნა დაუგროვდა; გამარჯვებულთა შორის კი საუკეთესოები გიორგი ტურძილაძე (18 ქულა, 12 მოხსნა) და ტომი ლუისი (17 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი) იყვნენ. 16 ქულა დავით კაკუშაძის ანგარიშზეა.
მეშვიდე ტურის მეორე მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც გოგა ცკვავას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. კავკასიის შემდეგ ეს გახლავთ ყველაზე გრძელი წარმატებული სერია სუპერლიგაში. რუსთაველებმა პირველ ტურში თსუ-სთან თითქმის მოგებული მატჩის წაგების შემდეგ ზედიზედ ხუთი გამარჯვება მოიპოვეს და ცხრილში დამსახურებულად მეორე ადგილზე იმყოფებიან.
რუსთავის მეტოქე ქუთაისი გახლდათ, რომელმაც მასპინძლებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწია. საწყისი პერიოდი ქუთაისელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდიდან და განსაკუთრებით მესამედან რუსთავმა მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ელვინ მაილსის რვა სამქულიანი, რომელსაც კარგად აუბა მხარი რუსთაველთა ბომბარდირმა ჯეიდენ კინგმა და მესამე პერიოდში მოწყობილი სამქულიანების წვიმისა და სწრაფი შეტევების კომბინირებული არტილერიით რუსთაველთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა. გამარჯვებულის ვინაობაც დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაირკვა. ბოლო პერიოდს ფაქტობრივად მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. რუსთავმა მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე და აქტივში ზედიზედ მეხუთე მოგება ჩაიწერა.
რუსთაველთა რიგებში 28 ქულითა და 7 პასით ელვინ მაილსი გამოირჩა, რომელმაც 12-დან 8 სამიანი მიითვალა. ჯეიდენ კინგმა აქტივში 25 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა, დამარცხებულთაგან კი საუკეთესონი ანტონიო პატერსონი (24 ქულა) და ვილი ისიანი (12 ქულა, 11 მოხსნა) იყვნენ.
სუპერლიგის მეშვიდე ტური ხვალ გაგრძელდება: ბათუმი თელავს უმასპინძლებს, ხოლო ორბი — ახალციხეს.