საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საერთაშორისო სამწვრთნელო სემინარებზე მორიგ მწვრთნელებს მიავლენს. ამჯერად საუბარია 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების სემინარზე — FIBA Europe U14 Get-Together, რომელსაც 9-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით ესტონეთის დედაქალაქი ტალინი უმასპინძლებს.
ეს გახლავთ ზედიზედ მეორე სემინარი, რომელშიც ქართველი მწვრთნელები მიიღებენ მონაწილეობას. გასულ წელს, აღნიშნულ ღონისძიებას კოსოვოს დედაქალაქმა პრიშტინამ უმასპინძლა, სადაც საქართველოს სახელით ირაკლი ჯანხოთელი და ნიკა სოლოღაშვილი იმყოფებოდნენ.
აღნიშნული პროექტი კალათბურთის ფედერაციაში რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შალვა ონიანის ინიციატივაა, რომელსაც მხარი ფედერაციის პრეზიდენტმა და ხელმძღვანელობამ დაუჭირეს. გადაწყდა, რომ ფიბა-ს აღნიშნულ სემინარებზე ყოველწლიურად „ჯუნიორ ნბა“-ს ლიგების გამარჯვებული გუნდების მწვრთნელები გაემგზავრებიან.
გასულ სეზონში „ჯუნიორ ნბა საქართველოს“ გათამაშება 3 ლიგად ჩატარდა: A ლიგაში გამარჯვება „რუსთავმა“ მოიპოვა, B ლიგაში — „ოვერტაიმმა“, ხოლო C ლიგის ჩემპიონი „ჯეო კინგსი“ გახდა. შესაბამისად, ტალინის სემინარზე ამ გუნდების დამრიგებლები — ლევან ხმელიძე, გიორგი რაზმაძე და ბაქარ გაბისიანი გაემგზავრებიან.
გამგზავრებამდე მწვრთნელებს კალათბურთის ფედერაციაში რეგიონული განვითარებისა და მწვრთნელთა დეპარტამენტების ხელმძღვანელები — შალვა ონიანი და ნოდარ ავალიშვილი შეხვდნენ, რომლებმაც მათთან მომავალი კემპის მნიშვნელობასა და ორგანიზაციულ საკითხებზე ისაუბრეს.
სემინარის პროგრამა და ფორმატი
ფიბა ევროპისა და ესტონეთის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილი სამდღიანი პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ (On-court) კლინიკებს, პანელურ დისკუსიებსა და ინტერაქციულ სესიებს:
-
პრაქტიკული კლინიკები (FIBA Clinics 1–6): სემინარის ძირითადი ნაწილი დაეთმობა მოედანზე გასვლასა და საჩვენებელ ვარჯიშებს, რომლებიც ტალინის Kalev Sports Hall-სა და Mövenpick Hotel-ის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.
-
ინტერაქციული სესიები და პანელური დისკუსია: მონაწილეები დაესწრებიან ფიბა-ს ექსპერტების პანელურ დისკუსიას (Panel discussion with FIBA experts), ესტონეთის კალათბურთის ფედერაციისა და ფიბა-ს წარმომადგენელთა ინტერაქციულ პრეზენტაციებსა და კითხვა-პასუხის ფორმატის შეხვედრებს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აქტიურად აგრძელებს ფიბა-სთან თანამშრომლობას, რათა ქართველ მწვრთნელებს სისტემატურად ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიარონ კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო დონეზე და გაზიარებული გამოცდილება ქართული კალათბურთის განვითარებას მოახმარონ.