კიდევ ერთი კალათბურთელი გოგონა გაემგზავრა ოკეანგაღმა სათამაშოდ. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთ ლიდერ – ლია მიქიაშვილს კონტრაქტი ამერიკის კოლეჯთა ლიგაში მოასპარეზე ოკლაჰომა კრისტიანმა გაუფორმა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კოლეჯთა ლიგაში წარმატებით იასპარეზა ნატალია ოთხმეზურმა, რომელმაც “კასპერ თანდერბერდს” “რეგიონ IX” კონფერენცია მოაგებინა.
“ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი და აგრესიული ცენტრია. მიქიაშვილი ფარზე კარგად თამაშობს და მოედნის კარგი ხედვა აქვს”, – ასე ახასიათებს ქართველ გოგონას ოკლაჰომას უნივერსიტეტის ვებგვერდი.
ლია მიქიაშვილმა 2017 წელს საქართველოს 16 და 18 წლამდელთა ნაკრებებში – ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ის 16-წლამდელთა ნაკრების ლიდერი იყო და საშუალოდ 10.5 ქულასა და 12.2 მოხსნას აგროვებდა. მიქიაშვილმა ბოლო სეზონი თბილისის “დინამოში” გაატარა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ის 18 წლისაა და სიმაღლეში 190 სანტიმეტრია.