საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა დასანანი მარცხი იწვნია სომხეთთან. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი ძალიან ახლოს იყო თბილისში მიმდინარე ფიბა-ს ევროჩელენჯში პირველი მატჩის მოგებასთან, თუმცა გამოცდილების უქონლობამ ბოლო წუთებზე თითქმის მოგებული შეხვედრა წააგებინა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე სომხებმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 60:58 (სტატისტიკა).
შეხვედრის დასრულებამდე 105 წამი რჩებოდა, როცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ელისაბედ ხიმშიაშვილმა ორქულიანი მეტოქის ჯარიმის თანხლებით ჩააგდო, ჩვენიანები 58:52 დააწინაურა და სამწუხაროდ, საჯარიმო ააცილა. დარჩენილ დროში ქართველმა გოგონებმა შეცდომები დაუშვეს, ბურთი რამდენჯერმე დაკარგეს, სომხებმა კი იმდენი მოახერხეს, რომ ანგარიში გაათანაბრეს და ქართველების ორფაზიანი შეტევაც მოიგერიეს. ჩვენს მეზობლებს შესატევად 6 წამი დარჩათ, რაც წუთშესვენების შემდეგ საზრიანად გამოიყენეს და ანი მკრტჩიანმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო.
საქართველოს ნაკრებში 10 ქულით, 19 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ლიკა კვირკველია. ნატალი ჩუტკერაშვილმა 20 ქულა, 7 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ანა ნამგალაძის ანგარიშზე 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
მესამე ტურის მეორე მატჩში ტურნირის ფავორიტმა ჩრდილოეთ მაკედონიამ 72:46 (სტატისტიკა) გაანადგურა ალბანეთის ნაკრები. 12 აგვისტოს ჩელენჯერზე დასვენებაა, ბოლოსწინა ტურში კი, 13 აგვისტოს მალტა ალბანეთს შეხვდება, ჩრდილოეთ მაკედინია – სომხეთს.