საქართველსო 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ნახევარფინალშია. რანგით ყველაზე დაბალ დივიზიონში სულ 7 გუნდი მონაწილეობს, სადაც საქართველო ფავორიტია და ნახევარფინალში იოლად გავიდა.
ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის მიერ გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში ჯერ მოლდოვა გაანადგურა (71:37), დღეს კი კიდევ უფრო დამაჯერებლად გიბრალტარს სძლია – 73:35. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსან შოტლანდიას შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს კვიპროსი და მოლდოვა შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრებს გიბრალტართან კესო ბარბაქაძემ ულიდერა, რომელმაც 31 წუთში 21 ქულა, 23 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. ნონა ცომაიას ანგარიშზე 20 ქულა, 10 პასი და 5 ჩაჭრა დაგროვდა. 15 ქულა და 8 მოხსნა თამარ პაპუაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან ნახევარფინალურ მატჩს 20 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გამართავს.
გიბრალტარი – საქართველო
სტატისტიკა: 35:73