სუპერლიგის 2017 წლის თამაშები დასრულდა. ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს სუპერლიგის ლიდერი “დინამო” და აუტსაიდერი “სოხუმი” შეხვდნენ. დინამოელები უპირობო ფავორიტად ითვლებოდნენ და ირაკლი ხოშტარიას გუნდმა გაიმარჯვა კიდეც, თუმცა აღსანიშნავია სოხუმელთა ბრძოლაც, რომლებმაც პირველი პერიოდი მოიგეს, მეორე მეოთხედში კი 8 ქულითაც ლიდერობდნენ, თუმცა საბოლოო წარმატებამდე ვერ მივიდნენ.
“დინამომ” თამაში მეორე პერიოდშივე გამოასწორა, 10-წუთეული 28:22 მოიგო და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 45:41. დინამოელებს აკლდათ მიხეილ ბერიშვილი, ნიკოლა გაჩეშამ კი გუნდი ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ დატოვა. საქართელოს მოქმედი ჩმპიონი გარკვეულწილად შესუსტებულია, თუმცა არც იმდენად, რომ შედეგებზე შეეტყოს. “დინამომ” მესამე და მეოთხე პერიოდები ერთნაირი სხვაობით – 18:14 გაიმარჯვა და საბოლოოდ შეხვედრა 12 ქულით – 81:69 მოიგო.
“დინამოში” 14 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი შარაბიძე. 13 ქულა მოაგროვა ილია ლონდარიძემ. ლაველ ბოიდის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. “სოხუმში” 13 ქულით ბომბარდირი გახდა კვან უოლერი. ანატოლი ჩელოვანმა 12 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი კვეტენაძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.
საახალწლო შესვენების შემდეგ სუპერლიგის მატჩები 6 იანვარს განახლდება.
დინამო – სოხუმი
სტატისტიკა: 81:69
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი:
“2017 წლის ბოლო თამაში იყო. მინდა, შობა – ახალი წელი მივულოცო სუპერლიგას, კალათბურთელებს, მთლიანად საქართველოს. მოვიგეთ, მაგრამ უკეთესია უკეთესად გვეთამაშა. როგორც იცით, იმედების წელია ახალი წელი და ჩვენც იმედი გვაქვს, გამოვასწორებთ თამაშს, შევივსებით. მოგეხსენებათ, დღეს ვიყავით 9 მოთამაშით, თუმცა ვფიქრობთ, მომავალ წელს ამგვარი პრობლემები აღარ შეგვექმნებ”.
მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„ტრავმირებული გვყავს სამი მოთამაშე. რაც შეგვეძლო, ვიბრძოლეთ, მაგრამ, თუ დაცვას არ გამოვასწორებთ, სერიოზული პრობლემები გვექნება, ამიტომ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით.“