3×3 Geotour 2021-ის ბოლო შესარჩევი ტური “სიმონებმა” მოიგეს

3×3 Geotour 2021-ის ბოლო შესარჩევი ტური “სიმონებმა” მოიგეს

გუნდ “სიმონების” გამარჯვებით დასრულდა 3×3 Geotour 2021-ის მორიგი შესარჩევი ტურნირი. შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ ბოლო ტურნირი ფინალურ ეტაპამდე, რომელმაც 3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი უნდა გამოავლინოს. 

3×3 Geotour 2021-ის მე-5 შესარჩევ ტურნირს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. მონაწილე 12 გუნდი ტრადიციული ფორმატით 4 ჯგუფში გადანაწილდა და თითოეულიდან ნახევარფინალში საუკეთესო გავიდა. პირველ ნახევარფინალში scooby-მ დაძაბულ ბრძოლაში 19:18 დაამარცხა GGG, ხოლო მეორე წყვილში “სიმონებმა” 21:18 აჯობა Ninetalles-ს. 

ფინალური დაპირისპირება იყო დრამატული. “სიმონების” ღირსებას ძმები ლევან და ნიკა ლოლიშვილები, ბექა შველიძე და საბა სირაძე იცავდნენ, ხოლო scooby-ში ბილი ალიევი, დათო დადუნაშვილი, მამუკა ბაზუაშვილი და ვაკა ბიჭაშვილი ასპარეზობდნენ. თანაბარ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით – 21:20 “სიმონებმა” აჯობეს scooby-ს და საჩემპიონო თასთან ერთად ფულად პრიზსაც დაეპატრონნენ. ტურნირის MVP გახდა ნიკა ლოლიშვილი, რომელიც შესაბამისი პრიზით კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ ფინალურ ტურნირში 3×3 Geotour 2021-ის აქამდე გამართული ტურებიდან შერჩეული 12 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულთან ერთად, გამარჯვებულს 2500 ლარი ერგება, ხოლო ფინალში დამარცხებული 1000 ლარს მიიღებს.