3×3 Geotour 2021-ის მორიგი შესარჩევი ტური მთაწმინდის პარკში გაიმართა

3×3 Geotour 2021-ის მორიგი შესარჩევი ტური მთაწმინდის პარკში გაიმართა

გრძელდება საქართველოს 3×3 ჩემპიონატისთვის გუნდების შერჩევა. 3×3 GeoTour 2021-ის ფინალურ ეტაპს მორიგი, რიგით მე-11 გუნდი დაემატა. შესაბამისად, დარჩა 1 მონაწილის გამოვლენა, რომელიც 12 გუნდს შეკრავს და ფინალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

მორიგი შესარჩევი ტურნირი მთაწმინდის პარკში, ეგრეთ წოდებულ “ეშმაკის ბორბლის” ძირში გაიმართა. ტურნირი საქართველოს სპორტის მენეჯმენტის ასოციაციისა და “შტატი 51”-ის სპორტული აქტივობების ფარგლებში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის პარკში ამ ორგანიზაციების მიერ არაერთი სპორტული თუ კულტურული აქტივობა გაიმართა.

3×3 GeoTour 2021-ის მორიგ შესარჩევ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავიდა, Scooby-მ “ქარი 1” 18:8 დაამარცხა, ხოლო GGG-მ დაძაბულ ბრძოლაში – 11:10 სძლია Ninatalles-ს.

ფინალური შეხვედრა GGG-მ, რომლის ღირსებასაც მათე კაპანაძე, ვოვა თავაქარაშვილი, გიორგი ცხვარაძე და ირაკლი ბიწკინაშვილი იცავდნენ, 14:11 მოუგო Scooby-ს და გამარჯვებულისთვის დაწესებული თასი, 300 ლარი და GeoTour 2021-ის საგზური დაისაკუთრა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ვოვა თავაქარაშვილი დასახელდა, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. 

3×3 GeoTour 2021-ის მორიგი, ბოლო შესარჩევი ტური 30 სექტემბერს გაიმართება.