საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მივლინებით თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე გაემგზავრნენ ნიკა ბურჯანაძე და ბექა ბექაია. 13-16 ოქტომბერს ისინი მონაწილეობას მიიღებენ ოთხდღიან სადამკვირვებლო ვიზიტებში, რომლებიც თურქეთის წამყვანი კლუბების ბაზებზე გაიმართება, დაესწრებიან ვარჯიშებს, თურქეთის ჩემპიონატისა და ევროლიგის თამაშებს. ყველაფერი ეს ფიბა-ს სპეციალური პროგრამით ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდა მწვრთნელების განვითარებას ემსახურება.
ნიკა ბურჯანაძე და ბექა ბექაია ახალგაზრდა მწვრთნელები არიან. ნიკა 27 წლისაა, თუმცა ზურგს მრავალწლიანი სამწვრთნელო გამოცდილება უმაგრებს. მან ჩამოაყალიბა კლუბი “ვინგსი”, რომელიც ყოველწლიურად ფართოვდებოდა და ბოლო წლებში ყველა ასაკობრივი ჯგუფი მოიცვა. ბურჯანაძის გაწვრთნილი “ვინგსის” სკოლის წარმომადგენელი გუნდები ჯუნიორ ნბა-დან დაწყებული ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში გამოდიოდნენ და საკმაოდ მაღალ შედეგებსაც აღწევდნენ. შედეგები არ აკლდა ამ სკოლის გუნდებს საერთაშორისო ასპარეზზეც, სადაც ძირითადად “ვინგსის” დაბალი ასაკის გუნდები მონაწილეობდნენ.
ბექა ბექაია 22 წლისაა და მწვრთნელობა ახალი დაწყებული აქვს. ის აქტიური კალათბურთელია და წლეულს სტუდენტური ლიგის ფინალიც ითამაშა “სპორტუნის” შემადგენლობაში. ის საქართველოს იმ 16-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ, რომელმაც 2017 წელს ფიბა-ს ევროპის ჩემპიონატზე A დივიზიონის საგზური მოიპოვა. ბექაიამ მწვრთნელობა დაიწყო მის მშობლიურ ქალაქ ფოთში, სადაც დამსახურებული მწვრთნელისა და სახელიანი კალათბურთელის, სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, როლანდ გარუჩავას გზას აგრძელებს. ის საკალათბურთო სკოლა, რომელსაც გარუჩავა უძღვებოდა და რომელმაც ქართულ კალათბურთს არაერთი რიგიანი კალათბურთელი აჩუქა, ბექა ბექაიამ გადაიბარა და ბავშვების წვრთნით არის დაკავებული.
ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პროექტში მონაწილეობა და ევროპის წამყვანი კლუბების – “ფენერბაჰჩეს”, “ეფესის”, “დარუშაფაკას”, “ულქერის” სამუშაო პრინციპებისა და სამწვრთნელო სპეციფიკის გაცნობა ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელებს უდიდეს გამოცდილებას შემატებს და დაეხმარება მათ პროფესიულ წინსვლაში.