ანატოლი ბოისა და ირაკლი ძიძიგური მორიგი მწვრთნელები არიან, რომლებმაც საქართველოდან ფიბა-ს უმაღლესი სამწვრთნელო პროგრამა – FIBA Europe Coaching Certificate (FECC) – გაიარეს და სერტიფიკატები მიიღეს. ახალგაზრდა მწვრთნელებს ეს შესაძლებლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მისცა, რომელიც ფიბა-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ყველა ძირითად პროგრამაშია ჩართული.
FECC-ის დასკვნითი სემინარ-გამოცდები პოდგორიცეში, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის “ა” დივიზიონის მსვლელობისას ჩატარდა. ქალაქ პოდგორიცეში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 30-მა მწვრთნელმა მოიყარა თავი, რომლებიც FECC-ის პროგრამაში 2018 წლიდან ჩაებნენ და სემინარები ჯერ 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, იტალიაში, ხოლო 18-წლამდელთა ფინალურ ეტაპზე, თურქეთში გაიარეს. მონტენეგროში პროგრამის დასკვნითი, შემაჯამებელი ეტაპი 20-წლამდელთა “ა” დივიზიონის პარალელურად გაიმართა, რომელზეც გამომცდელებად ისეთი სპეციალისტები იყვნენ მიწვეულნი, როგორებიც არიან ანდრეა ტრინკიერი, არიკ შივეკი, არიკ შივეკი, ნენად ტრუნიჩი, გორდონ ჰერბერტი.
პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა მწვრთნელებმა 3 სახის გამოცდა ჩააბარეს: წერითი, გასაუბრებით და პრაქტიკული. პირველი გამოცდისას მონაწილეებმა ზოგადი, სამწვრთნელო თემატიკის კითხვარებს გასცეს პასუხები, ხოლო გასაუბრებით გამოცდა ზემოთნახსენებ ცნობილ სპეციალისტებთან პირისპირ საუბრით გაიარეს. დაბოლოს, რისი ჩაბარების შემდეგაც სერთიფიკატები დაიმსახურეს, გახლდათ პრაქტიკული ნაწილი, რომლის დროსაც ახალგაზრდა მწვრთნელები უშუალოდ მოედანზე, საქმეში გამოიცადნენ. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მწვრთნელებს ლიცენზიები ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილ ნოვაკმა გადასცა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაცია FECC-ის პროგრამის კუთხითაც მჭიდროდ თანამშრომლობს ფიბა-სთან და მწვრთნელთა საერთაშორისო ლიცენზირების პროცესი მომავალიც აქტიურად გაგრძელდება.