საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანურ კლუბ “ბასკონიას” წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. ფედერაციისა და ესპანური საკლუბო გრანდის საერთო პროექტის ფარგლებში თბილისში მორიგი საკალათბურთო კემპი დაიწყო, რომლის მიზანიც პერსპექტიული ქართველი კალათბურთელების გამოვლენაა.
“ბასკონიას” კემპი უკვე მეოთხედ ტარდება. პირველად ის 2015 წელს, “დინამოს” ბაზაზე გაიმართა და მასში 180-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელ კემპში 160 კალათბურთელი გამოიცდება, რომელთა ასაკიც 12-16 წლებში მერყეობს. ვარჯიშებს “ბასკონიას” სპეციალისტები ატარებენ, რომლებსაც დახმარებას უწევენ და ამით მდიდარ გამოცდილებას იღებენ ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები – ირაკლი ძიძიგური, მიხეილ ბერიშვილი, ჯაბა ბაქრაძე, ნიკა ცინცაძე და დავით მუმლაძე.
“ბასკონიას” კემპი ვერის ბაღის საკალათურთო კომპლექსში ტარდება. ორივე დარბაზში ერთდროულად მიმდინარეობს ვარჯიშები. ესპანელი მწვრთნელები ქართველ ახალგაზრდებს დილას და დღის მეორე ნახევარში ავარჯიშებენ. პირველ ეტაპზე კემპში მონაწილეობას მიიღებენ 15-16 წლის კალათბურთელები, შემდეგ კი ასპარეზი 12-14 წლის მოზარდებს დაეთმობათ.
როგორც დასაწყისში ვთქვით, კემპის მიზანი პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენაა, რომლებსაც უფრო მაღალ ეტაპზე ასვლისა და განვითარების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ. ესპანელი მწვრთნელები შეარჩევენ 16 ახალგაზრდას, რომლებიც ივლისის თვეში ესპანეთის ქალაქ ვიტორია-გასტიესში, “ბასკონიას” ბაზაზე დაგეგმილ გენერალურ კემპში მიიღებენ მონაწილეობას. ვიტორიულ კემპში ქართველებთან ერთად იქნებიან ის ახალგაზრდებიც, რომლებიც “ბასკონიას” მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ თბილისის ანალოგიურ კემპებზე შეირჩვა. სწორედ ვიტორიულ კემპზე დასახელდებიან ის მოთამაშეები, რომლებსაც “ბასკონია” კონტრაქტს გაუფორმებს და მომავალი სრულყოფა-განვითარებისთვის საკუთარ კლუბში დაიტოვებს.
“ბასკონიას” თბილისური კემპი 9 აპრილს დაიწყო და 14 აპრილამდე გაგრძელდება.