ბექა ბექაურის 9 დაფარება და ბათუმის გამარჯვება ვერასთან

ბექა ბექაურის 9 დაფარება და ბათუმის გამარჯვება ვერასთან

დღეს სუპერლიგის 1 მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა 103:88 (სტატისტიკა) დაამარცხა “ვერა”. ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ მასში ბოლო წლების რეკორდი დამყარდა. რაც საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში სტატისტიკის სრული და კომპიუტერული აღრიცხვა მიმდინარეობს,  დაფარებების ოდენობა ორციფრა რიცხვით მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს დინამოელმა მილან ოლუიჩმა გამოსახა. სერბმა ცენტრმა 11 დაფარება მიითვალა და დღემდე ეს შედეგი სუპერლიგაში ხელშეუხებლად ითვლება. ბათუმელმა ბექა ბექაურმა ვერელებს 9-ჯერ დააფარა, რითაც სუპერლიგაში მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ერთი დაფარებაც და ბექაური გამორჩეული, ბლოკ-შოტებით შესრულებული სამმაგი დუბლის ავტორი გახდებოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ბათუმის” ფორვარდის ანგარიშზე საბოლოოდ 11 ქულა, 17 მოხსნა, 9 დაფარება, 3 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი სტატისტიკისა, საერთო სარგებლიანობის ინდექსით მატჩში საუკეთესო ზღვისპირელთა სერბი უკანახაზელი, პეტარ არანიტოვიჩი გახდა, რომელმაც 35 ქულა, 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 4 პასი მოაგროვა.

მატჩი ბათუმელებმა საბოლოოდ იოლად მოიგეს, თუმცა თავიდან ვერელები საკმაოდ დალაგებულად და ზუსტად თამაშობდნენ, რის ხარჯზეც პირველი პერიოდი 20:19 მოიგეს. მეორე ათწუთეულიდან მასპინძლებმა დაცვა გამოასწორეს, ხოლო შეტევაში სწრაფ გარღვევებს ზუსტ შორ სროლებს აშველებდნენ და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. საბოლოოდ ბათუმელებმა მეტოქეზე 7-ით მეტი – 12 სამქულიანი ჩააგდეს, რაც მათი გამარჯვების მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი აღმოჩნდა.

მესამე პერიოდი გარდამტეხი გამოდგა. ბათუმელებმა 31:23 იძალეს და გადამწყვეტ მეოთხედს 13-ქულიანი ლიდერობით შეეგებნენ. ბოლო ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა. ბატუმელები დამაჯერებლად მივიდნენ გამარჯვებამდე და გასულ 2 მატჩი წაგებების შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინეს.

სუპერლიგის მომდევნო მატჩი 18 დეკემბერს ქვემო ქართლში გაიმართება: “რუსთავი” “ოლიმპს” უმასპინძლებს.

ფოტო © შოთო კახიძე