დინამო მეოთხედფინალშია, პლეი ოფის ბოლო საგზური კი ტიტებს ან თსუ-ს ერგება

დინამო მეოთხედფინალშია, პლეი ოფის ბოლო საგზური კი ტიტებს ან თსუ-ს ერგება

დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩი, რომელშიც “დინამომ” “კაკტუსი” 94:63 (სტატისტიკა) დაამარცხა და ამ მატჩმა ბევრი რამ გაარკვია. მივყვეთ დეტალურად, თუ რა ვითარებაა სუპერლიგის ცხრილში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

დავიწყოთ იმით, რომ დინამოელებმა კაკტუსთან მატჩის წინ შესანიშნავი ამბავი გაიგეს: “ბათუმი” “ოლიმპთან” დამარცხდა, რითაც დინამო პლეი ოფში გავიდა. ანუ დინამოელებს კაკტუსთან რომც წაეგოთ, პლეი ოფში, ანუ საუკეთესო 8 გუნდში მაინც ხვდებოდნენ. ამის მიუხედავად, დინამოელებმა 31 ქულის სხვაობით სძლიეს კაკტუსს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კაკტუსელთათვის ამ მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ეს გუნდი მე-4 ადგილზე გადიოდა, რადგან მესამეზე მყოფ “ცხუმ-აფხაზეთს” ვერაფრით ეწეოდა.

დინამომ იმარჯვა და გარანტირებულად დაიკავა მე-7 ადგილი. ამ პოზიციაზე დაბლა მუჰამედ ტაჩის გუნდი ვეღარ ჩამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ სერიაში დინამოელები მეორე ადგილზე გასულ “ქუთაისს” შეხვდებიან.

მთელი ბრძოლა ახლა პლეი ოფში გამსვლელი მე-8 ადგილისთვისაა. პრინციპში, არსებობს 2 ვარიანტი. რეგულარულის ბოლო ტურის საკვანძო მატჩში ერთმანეთს ქუთაისი და ტიტები ხვდებიან. თამაში ქუთაისშია და თუკი მასპინძლები მოიგებენ, ტიტები მე-9 ადგილზე დაასრულებს რეგულარულს და შესაბამისად სეზონს, ხოლო თუკი მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი ტიტები იმარჯვებს, პლეი ოფის ბოლო, მე-8 სააგზურს მოიპოვებს. ტიტების ქუთაისში დამარცხების შემთხვევაში პლეი ოფის ბოლო საგზური თსუ-ს ერგება და აი, რატომ:

ასეთ შემთხვევაში 3 გუნდი: ბათუმი, ტიტები და თსუ აგროვებენ თანაბარ მოგებ-წაგებებს (8-12) და მათ შორის საუკეთესო ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით ვლინდება. ამ საზომით კი თსუ საუკეთესოა და სუპერლიგის ცხრილში დაიკავებს მე-8 ადგილს. შემდეგ მოდიან ტიტები (მე-9 პოზიცია) და ბათუმი (მე-10). დებულების თანახმად, მე-10 ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან თამაშობს საკვალიფიკაციო სერიას 3 მოგებამდე. იმასაც შეგახსენებთ, რომ სუპელიგიდან გავარდა ცხრილში მე-11 ადგილზე გასული “მგზავრები”, რომლის ადგილსაც მომავალი სეზონისთვის “ა” ლიგის გამარჯვებული დაიკავებს.

ქუთაისი – დინამოს მეოთხედფინალურ წყვილთან ერთად კიდევ ცნობილია 2 წყვილი: 
ცხუმ-აფხაზეთი (მე-3) VS ოლიმპი (მე-6)
კაკტუსი (მე-4) VS ვერა (მე-5)

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩები ქუთაისში, 18 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება: ქუთაისი – ტიტების წინააღმდეგ. ამავე დღეს დანიშნული კიდევ ერთი შეხვედრა: რუსთავი – ცხუმ-აფხაზეთი სატურნირო თვალსაზრისით ვერაფერს წყვეტს.