დინამომ ოლიმპი 100:90 დაამარცხა

დინამომ ოლიმპი 100:90 დაამარცხა

სუპერლიგის პირველი ტურის რიგით მე-3 მატჩში “დინამო თბილისი” და “ოლიმპი” დაუპირისპირდნენ. მაკედონიელი მუია ტაჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა სუპერლიგა გამარჯვებით გახსნეს. გუნდური და გააზრებული თამაშის წყალობით “დინამომ” სასურველ შედეგს მიაღწია და საბოლოოდ 100:90 იმარჯვა.

მატჩი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. ამის მიუხედავად, მუია ტაჩის გაწვრთნილი გუნდისთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა. მებრძოლმა და შეუპოვარმა ოლიმპელებმა რევაზ როგავას მექულეობით მე-4 პერიოდში მაქსიმალურად დაძაბეს ვითარება, როცა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მეტოქეს ჩამორჩენა 2 ქულამდე შეუმცირეს. მცირე უყურადღებობაც კი დინამოელებს  შეიძლებოდა ძვირად დასჯდომოდათ და ის სოლიდური უპირატესობა, რომელსაც მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ, წყალში ჩაყროდათ. ტაჩიმ წუთშესვენება აიღო და “ოლიმპის” პრესინგი, რომელიც დიმიტრი ჯაკობოვის გუნდმა მეტოქეს მისსავე ნახევარზე დაუწესა, წარმატებით დაშალეს.

მეტოქის დაცვის გატეხვას ლოგიკურად ქულების მოპოვება მოჰყვა, ცაიტნოტში ჩავარდნილმა ოლიმპელებმა კი სასიცოცხლო მნიშვნელობის შეტევები გააფუჭეს და თამაშის ბედიც გაირკვა. “დინამომ” 10-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა, “ოლიმპს” კი წაგებიდან დასკვნების გამოტანა მოუწევს.

გამარჯვებულებს 25 ქულითა და 6 პასით ტაილერ უილიამსმა ულიდერა. 21 ქულა და 11 მოხსნა სედრიკ ქაუნსილმა მიითვალა, ხოლო ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე 19 ქულა და 5 პასი დაგროვდა. ოლიმპში 35 ქულით საუკეთესო იყო დავით როგავა. 17 ქულა კორი ჰოლდებმა, ხოლო 16 – აკიეან ფრედერიკმა დააგროვეს.

პირველი ტურის მორიგი მატჩი 16 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “თსუ-სა” და “ბათუმს” შორის გაიმართება.

ოლიმპი – დინამო
სტატისტიკა: 90:100