“გავიმარჯვეთ, მაგრამ ისე ვერ ვზეიმობთ, როგორც საჭიროა. ჩვენმა კაპიტანმა და გუნდის ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო, რაც უდიდესი დანაკლისია – ამ სიტყვებით დაიწყო ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და დაამატა – ღმერთმა ქნას, მისი ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდეს და თორნიკე მალე დაუბრუნდეს მოედანს”.
პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ კლინიკიდან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა: თორნიკე შენგელიას მხრის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მინიმუმ კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. ეს არის შეუფასებელი დანაკლისი ჩვენი ნაკრებისთვის, რომელმაც 3 დღეში იტალიაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი უნდა ითამაშოს, ხოლო 1 სექტემბრიდან საკუთარ დედაქალაქ თბილისში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უნდა უმასპინძლოს.
ილიას ზუროსს სწორედ შენგელიას შესაძლო გამოკლებაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც ჩვენი ნაკრების თავკაცმა უპასუხა: “თორნიკეს არყოფნას, რა თქმა უნდა, ვერ ავანაზღაურებთ, თუმცა აუცილებლად ვიპოვით გზას, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ და შედეგის მისაღწევად ვიბრძოლოთ”.
თუ რამხელა ძალა დააკლდა საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე, თუნდაც დღევანდელმა მატჩმა გამოაჩინა. ტრავმის მიღების მომენტში თორნიკეს 21 წუთში 20 ქულა ჰქონდა მოგროვებული – ის იყო უპირობო ლიდერი მოედანზე, რომელსაც გუნდის თამაში მიჰყავდა და ის გაქცევა, რომელმაც ჩვენს ნაკრებს ფაქტობრივად თამაში მოაგებინა, შენგელიას დიდებულ თამაშს უკავშირდება.
მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 35:35 დასრულდა, საქართველოს ნაკრები საოცარი შემართებით დაბრუნდა გასახდელიდან. ჩვენმა ბიჭებმა მოედანზე ცეცხლი დაანთეს და შენგელიას, გოგა ბითაძის, გიორგი ცინცაძის, სანდრო მამუკელაშვილისა და ყველა იმ მოთამაშის მონდომებით, რომელიც მესამე პერიოდის პირველ ნახევარში მოედანზე იმყოფებოდა, 16:0 გაქცევა მოაწყვეს. სწორედ ამ ეპიზოდში, ბურთის ჩაჭრისა და სწრაფ შეტევაში გაქცევის შემდეგ მიიღო თორნიკემ ავადსახსენებელი ტრავმა. ის მეტოქესთან შეჯახების შემდეგ უხერხულად დაეცა და მხარი დაიზიანა. ძვალი იმდენად იყო გადაადგილებული, რომ მოედნიდან გასვლის დროს მის მხარს არაერმა ადამიანმა თვალი ვერ გაუსწორა.
შენგელიას დანაკლისი ჩვენს გუნდს მყისიერად დაეტყო. ნიდერლანდელებმა შეტევის დიაპაზონი გააფართოვეს და დაცვაში მარყუჟებს მოუჭირეს. მე-3 პერიოდის საწყის 6 წუთში ვერც ერთი ბურთის ჩამგდებმა ჰოლანდიელებმა დარჩენილ დროში 9 ქულა მიითვალეს და ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს. ბოლო პერიოდში ნიდერლანდელები სამქულიან სროლებზე გადაერთნენ და როცა დუორტი დე იონგს მიზანი გაეხსნა, საქართველოს ლიდერობიდან აღარაფერი დარჩა. ჩარლონ კლუფის სამქულიანის შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში 60:60 გახდა და ფსიქოლოგიური უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო.
ჩვენმა კალათბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნამდვილი მებრძოლები არიან. ლიდერის ტრავმის გამო 17-ქულიანი ლიდერობის დაკარგვის შემდეგ ხელახლა გაერთიანდნენ, მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. გამარჯვების, რომელიც თორნიკე შენგელიამ გამოჭედა და მისი ტრავმის შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრებმა კბილებით დაიცვეს. ილიას ზუროსმა და გოგა ბითაძემ, რომლებსაც პრესკონფერენციაზე კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ, ნიდერლანდებთან გამარჯვება ნაკრების კაპიტანს მიუძღვნეს.
შეხვედრა საქართველოს ნაკრების 11-ქულიანი გამარჯვებით – 77:66 (სტატისტიკა) დასრულდა. ჩვენი გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც 21 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგი შერმადინმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და არაერთი ბურთი მოხდენილად ჩატენა. მის ანგარიშზე 13 ქულა, 5 მოხსნა და თითი ჩაჭრა, პასი და დაფარებაა. 19 ქულა და 5 პასი მოაგროვა თად მაკფადენმა, რომელმაც თავიდან დაბალი პროცენტულობით ესროლა სამქულიანები, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჰაერივით საჭირო სამიანები ჩააგდო და გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო.
ჩვენსავე ჯგუფში იტალიამ უკრაინა რიგაში – 97:89 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სწორედ იტალიასთან, ქალაქ ბრეშაში, 27 აგვისტოს გამართავს. ჩვენი ნაკრები აპენინის ნახევარკუნძულზე 25 აგვისტოს, გამთენიისას გაემგზავრება. ზუროსით დავიწყეთ და ზუროსის სიტყვებით დავასრულებთ:
„სამი დღის შემდეგ იტალიაში ვთამაშობთ. ეს კიდევ ერთი შანსია. იქ გვაქვს მნიშვნელოვანი მატჩი გუნდთან, რომელსაც მხოლოდ ერთი წაგება აქვს. იტალიაში მოსაგებად მივდივართ. ყველა ფოკუსირებული უნდა ვიყოთ. უნდა გავიაზროთ, რომ ახლა ოფიციალურ მატჩებს ვთამაშობთ და ყველა მათგანი უნდა მოვიგოთ”.