საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე კარიერას ტუნისის გუნდ “მონასტირში” გააგრძელებს. ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული თამაშების მხრივ რეკორდსმენია კლუბების მხრივაც – ცინცაძისთვის აფრიკული გუნდი კარიერაში 26-ეა. ქართულის გარდა, ცინცაძე რუსული, ესტონური, უკრაინული, პოლონური, ლიბანური, ჩრდილომაკედონიური, ფრანგული, რუმინული, კატარული და არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბების ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება მის ახალ, ტუნისის გუნდს, “მონასტირი” აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესოა. გასულ სეზონში ადგილობრივი ჩემპიონთა თასის გამარჯვებულიც გახდა. ტუნისურმა კლუბმა ფინალში ანგოლურ პეტრო დე ლუანდას 83:72 სძლია, საუკეთესო კი საქართველოს ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი იყო, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის ფინალის უძვირფასეს მოთამაშედაც (MVP) აღიარეს. დარჩება თუ არა დიქსონი მომავალ სეზონშიც ტუნისში, ჯერჯერობით, გაურკვეველია.
“მონასტირი” ტუნისის მოქმედი ჩემპიონია, ჯამში კი აღნიშნული ტიტული 7-ჯერ აქვს მოგებული. გუნდმა გასულ სეზონში რეგულარული პირველობა მე-2 ადგილზე დაასრულა, თუმცა, პლეი ოფში შეუჩერებელი იყო და ფინალში ეზაჰრას 3:1 სძლია.
შეგახსენებთ, რომ მძიმე ტრავმის გამო, გიორგის ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, ამჟამად კი, მწყობრში გახლავთ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფება. მისი რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია და ახლა ცინცაძე ფორმაში შესასვლელად ყველაფერს აკეთებს, რათა ნაკრებს მომავალ – მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და ევრობასკეტის მატჩებში დაეხმაროს.