სუპერლიგის მე-10 ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 10 ქულის სხვაობით – 89:79 (სტატისტიკა) დაამარცხა “ტიტები” და მოგებ-წაგებათა დადებითი ბალანსი შეიქმნა, რის ხარჯზეც ცხრილში “რუსთავს” გაუთანაბრდა და ქვემოქართლურ გუნდთან IV-V ადგილებს იყოფს.
ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს სოლიდური წინააღმდეგობა შეხვდათ იმის მიუხედავად, რომ ტიტებს რამდენიმე მოთამაშე აკლდა და გუნდი მთლიანობაში 7 კალათბურთელით იყო. ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა როტაციის მიზნით ერთი ამერიკელი კალათბურთელი გაუშვა, რამდენიმე ადგილობრივ მოთამაშეს კი ვირუსის გამო არ უთამაშია. ამის მიუხედავად, ტიტები მთელი პირველი პერიოდი ტოლ-სწორად ეპაექრებოდა თსუ-ს, ხოლო როცა მესამე პერიოდში უნივერსიტეტელებმა გაქცევა რომ მოაწყვეს და მეტოქე 20 ქულით ჩამოიტოვეს (69:49), ლეჟავას გუნდი მაინც არ დანებდა და მატჩის ბოლო წუთებზე წარმატების შანსიც გამოუჩნდა.
შეხვედრის ბოლო პერიოდი ტიტებმა 12:0 გაქცევით დაიწყო და ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა, თუმცა თსუ-მ კვლავ პრესინგს მიმართა, შეტევაში მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნოდარ გოგოძემ ისევ იხეირა და უნივერსიტეტელთა უპირატესობამ ისევ სოლიდური სახე მიიღო. თსუ-მ მთლიანობაში დამსახურებულად იმარჯვა, რაშიც ლომის წილი ნოდარ გოგოძეს მიუძღვის, რომელმაც 8 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 29 ქულა მოინაგრა. შედეგიანი იყო მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც 19 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, გიორგი ცინცაძის ანგარიშზე კი 9 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
ტიტებში საუკეთესო შედეგი ლუკ მეიერმა დააფიქსრა – 24 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი. 19 ქულა და 8 მოხსნა კვენტინ დევისმა მიითვალა. კენდრიკ პერკინსის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. ტიტები და ვერა 2 მოგებითა და 7 მარცხით ცხრიშლი ბოლო 2 – X და XI ადგილებს იყოფენ. სუპერლიგის მორიგი ტური, რომელიც 2022 წელს ბოლო იქნება, 30 დეკემბერს გაიმართება.