მოახლოვდა “ა” ლიგის გათამაშება, თუმცა სანამ ეს ტურნირი დაიწყებოდეს, საკვალიფიკაციო ეტაპის ჯერია. მოგეხსენებათ, “ა” ლიგაში 6 ადგილია, რომელთაგან 5 გუნდის ვინაობა ცნობილია – “მგზავრები”, “კავკასია”, “ორბი”, “ზესტაფონი” და გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდი. დარჩენილი 1 ადგილისთვის 4 გუნდი იბრძვის – გორის ივერიონი, გალფი, ასტრალი და თელავის “ბურჯი”. კახური გუნდი “ა” ლიგაში წინა სეზონში ასპარეზობდა და რადგან ბოლოსწინა – მე-5 ადგილი დაიკავა, ლიგაში ადგილის შენარჩუნება უწევს.
თელაველებს ის უპირატესობა აქვთ, რომ საკვალიფიკაციო ტურნირში მეორე ეტაპიდან ერთვებიან. პირველ ეტაპზე კი 3 გუნდი ასპარეზობს – გალფი, ივერიონი და ასტრალი, რომლებიც ერთმანეთს 2-2-ჯერ შეხვდებიან და პირველ ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგის საგზურისთვის თელავის “ბურჯს” დაუპირისპირდება.
დღეს 3-გუნდიანი საკვალიფიკაციო ჯგუფის მატჩები დაიწყო. ერთმანეთს “ივერიონი” და “ასტრალი” შეხვდნენ. მატჩი გორელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და პირველი ნახევრის შემდეგ შიდაქართლელები 20 ქულით იგებდნენ. მესამე პერიოდიდან ასტრალის მოთამაშეებმა ჩამორჩენის გაბათილება იწყეს და ნელ-ნელა ბრძოლას აზრი დაუბრუნეს. ბოლო წუთებზე თბილისელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებამდე ვერ მივიდნენ. საბოლოოდ გორის “ივერიონმა” 81:78 (სტატისტიკა) მოიგო და ცხრილში დაწინაურდა.
ხვალ საკვალიფიკაციოში “გალფი” ჩაერთვება, რომელიც “ასტრალს” დაუპირისპირდება. შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 14:30 საათზე დაიწყება.