მატჩის შემდეგ გაიმართა ტრადიციული პრეს-კონფერენცია, რომელსაც საქართველოს ნაკრების მხრიდან მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი და მატჩის ერთ-ერთი გმირი – ანდრო მამუკელაშვილი დაესწრნენ…
“სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მივულოცო ჩემს კალათბურთელებს – განაცხადა ილიასზ ზუროსმა – დღეს ისინი საამაყოები იყვნენ ჩვენთვის, ყველასათვის, მთელი ქვეყნისთვის და ერისთვის. მათ პირველიდან ბოლო წამამდე იბრძოლეს. ჩვენ 50 წუთი კალათბურთი ვითამაშეთ! წამყვანი კალათბურთელები გვაკლია, თქვენ ეს იცით. გვაკლია გოგა, გვაკლია თოკოც. ზოგიერთმა თამაში ვერ დაასრულა (იცინის – რედ). ჩვენთვის ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო! ასევე ვულოცავ ჩემს სამწვრთნელო შტაბს – მათ ამ დღეებში საოცარი სამუშაო გასწიეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბერძენმა თავკაცმა გულშემატკივრებზე ისაუბრა: “გარდა ამისა, ასევე ვერ ვპოულობ სიტყვებს, როგორ გამოვხატო ჩემი სიყვარული ამ ხალხის მიმართ. გულშემატკივრებს ვგულისხმობ. საოცარი ატმოსფერო იყო, დაუჯერებელი გარემო. მათ ეს თამაში მოგვაგებინეს! მათ მგვცეს ძალა, რომ უფრო და უფრო მაგრად გვებრძოლა. და ჩვენ მოვიგეთ ეს მატჩი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ძალიან მაგარი კალათბურთელები და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, ზეიმის უფლება ჯერ არ გვაქვს”.
რა შანსები აქვს საქართველოს, რომ ჯგუფიდან გავიდეს? “აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ საქმე ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია. ეს მოგება უფრო თავდაჯერებისთვისაა კარგი. იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, კიდევ გვჭირდება გამარჯვება ბოლო თამაშში მონტენეგროსთან და პლუს გამარჯვება ბულგარეთთან, მანამდე. 3 მოგებით ჯგუფიდან გავალთ. თუ არა და გვჭირდება 2 მოგება და დამოკიდებული ვიქნებით სხვა შედეგებზეც. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, ზეიმის უფლება ჯერ არ გვაქვს. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა მოხდა დღეს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა იქნება მომდევნო დღეებში. კიდევ ერთხელ: ვულოცავ გულშემატკივრებს და თურქეთის ნაკრებს მომდევნო მატჩებში წარმატებას ვუსურვებ.”
გამარჯვების მნიშვნელობასა და განცდილ ემოციებზე ილიას ზუროსმა განაცხადა: “ყველა გამარჯვებით სიამოვნებას ვიღებ – განსაკუთრებით ასეთი დიდი გამარჯვებებით! საქართველოს ნაკრები ცდილობს, რომ გაიზარდოს და პროგრესი გააგრძელოს. სამწუხაროდ, წელს ყველა კალათბურთელი არ გვყავდა. ეს ისეთი ემოციებია, რაც არასდროს დაგავიწყდება. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი კალათბურთელების გამო, ჩვენი ფანების გამო. გუშინ იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან არ ვიბრძოლეთ და შეცდომები დავუშვით, დღეს კი პირიქით, ბედნიერი ვარ, რადგან ვაჩვენეთ, ვინ ვართ. განსაკუთრებით დაცვაში ვითამაშეთ კარგად.”
სანდრო მამუკელაშვილმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: “ეს შესანიშნავი გამარჯვება იყო. დარბაზში სასწაული ატმოსფერო იყო! ფანებს სათანადო მადლობას ვერც გადავუხდი. საოცარი გულშემატკივრები გვყავს, თამაში მოგვაგებინეს. საწყისი ორი მატჩი წავაგეთ და ხალხი მაინც ასე გვქომაგობს, ასე გვიდგას მხარში. ასეთ ატმოსფეროში თურქეთის მსგავს კარგ გუნდთან თამაში ძალიან მაგარია. ასეთ გარემოში ყველას გაუჭირდება. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ! როგორც მწვრთნელმა თქვა, გოგას და თოკოს სახით ორი საუკეთესო მოთამაშე გვაკლია. ყველამ საოცრად ითამაშა, ანდრონიკაშვილმა, ჯინჭარაძემ… ყველამ საოცარი სამუშაო შეასრულა. ახლა უბრალოდ კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. უნდა დავმშვიდდეთ და მომდევნო მატჩებზე ვიყოთ ფოკუსირებულები.”