ილიას ზუროსმა ნიდერლანდებთან მატჩისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია

ილიას ზუროსმა ნიდერლანდებთან მატჩისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოფიციალურ მატჩებს იწყებს. დღემდე, მოსამზადებელ პერიოდში გამართული ამხანაგური მატჩები მხოლოდ საიმისოდ იყო, რომ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისა და ევრობასკეტისთვის მომზადებული და ეს დროც დადგა: 24 აგვისტოს საქართველო “თბილისი არენაზე” ნიდერლანდებს მასპინძლობს.

ეს გახლავთ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც საქართველო თავის ყოფილ თანაჯგუფელებთან – ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად არის, თუმცა ამ ნაკრებებთან ჩატარებული თამაშები მეორე ეტაპზე გადაჰყვა და მომავალ მატჩებს მომდევნო ჯგუფიდან კვალიფიცირებულ ისლანდიასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან გამართავს. პირველი ფანჯრის ფარგლებში ნიდერლანდებთან ერთად საქართველო იტალიას ეთამაშება სტუმრად, ქალაქ ბრეშაში. ნაკრები აპენინებზე 25 აგვისტოს, გამთენიისას გაემგზავრება და იტალიას 27-ში დაუპირისპირდება.

ნიდერლანდები ჯგუფის აუტსაიდერად ითვლება, რადგან მეორე ეტაპზე გამარჯვება არ გამოჰყოლია (საქართველოს 2 მოგება აქვს), თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ევროკალათბურთში, მით უმეტეს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სუსტი გუნდი არ არსებობს. ნიდერლანდები ძალიან მებრძოლი გუნდია, რომელსაც საქართველო ევრობასკეტ 2015-ზე, ხორვატიაში ჰყავს დამარცხებული და თბილისში, ამჯერადაც მოგებას ეცდება.

 

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, ბექა ბექაური

საქართველოს ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ჰოლანდიასთან მატჩისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია. მე-13 კალათბურთელი მიხეილ ბერიშვილია, რომელიც ნაკრებს იტალიაში გაჰყვება და ბრეშაში გადაწყდება, ითამაშებს თუ არა. მას ტრავმა აწუხებდა და მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშს შეუდგა, ბოლომდე მწყობრში ჩამდგარი არ გახლავთ.

მატჩის წინა დღის ვარჯიში საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ, რომლის დასკვნით ნაწილსაც ჟურნალისტები დაესწრნენ.  საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩი ახალაშენებულ “თბილისი არენაზე”, 24 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.