საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ქართველი მწვრთნელებისთვის მორიგი ონლაინ-სემინარი ჩაატარა . საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინიციატივითა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით ონლაინ-სემინარები თვეზე მეტია, მიმდინარეობს, რომელთა მიზანიც ეპიდემიის პირობებში მწვრთნელთა ხელშეწყობა და მათი კვალიფიკაციის შესაძლებლობის ფარგლებში ამაღლებაა.
ილიას ზუროსმა პირველი სემინარი 2 კვირის წინ ჩაატარა, რომლის შემდეგაც ქართველმა მწვრთნელებმა მისი ასისტენტის, მილოშ გლიგორიევიჩის და ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელის, ირაკლი შიოშვილის რამდენიმე ონლაინ-სემინარი მოისმინეს. ეროვნული ნაკრების ბერძენი სპეციალისტის მორიგი სემინარი საკმაოდ საინტერესო იყო და ის ეხებოდა შეტევაზე ორიენტირებულ ტაქტიკას. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსმა წინა ჯერზე დაცვაზე გაამახვილა ყურადღება.
გასულ ონლაინ-კონფერენციას 60-ამდე მსმენელი ჰყავდა. ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის საკალათბურთო ფილოსოფიის გაცნობა საკმაოდ საინტერესოა ქართველი, განსაკუთრებით ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის. ილიას ზუროსმა ზემოთაღნიშნულ, შეტევის კომპონენტზე ისაუბრა, მწვრთნელებს დიაგრამები, ვიდეოკლიპები წარმოუდგინა და სემინარის დასკვნით ნაწილში მათ კითხვებს უპასუხა.
სემინარმა 2 საათს გასტანა, ჩვენ კი მის მცირე ნაწილს ვიდეოს სახით გთავაზობთ: