Junior NBA-GBF ლიგის საზეიმო წილისყრის შემდეგ ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 3×3 საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც აღნიშნული ტურნირის ორივე – A და B ლიგის წევრები მონაწილეობდნენ.
მოგეხსენებათ, გაზრდილი ინტერესისა და გუნდების სიმრავლის გამო, საქართველოში Junior NBA-ის 2 ლიგა იმართება, რომლებშიც 60 გუნდი მონაწილეობს. აქვე განვმარტავთ, რომ თითო ლიგაში ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანალოგიურად, 30 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ნბა-ს მსგავსად 6 დივიზიონში არიან განაწილებულნი.
Junior NBA-GBF-ის A ლიგაში დივიზიონები და კონფერენციები რეგიონალური პრინციპით არიან განაწილებულნი:
აღმოსავლეთ კონფერენცია
ატლანტიკის დივიზიონი (თბილისი)
ცენტრალური დივიზიონი (თელავი)
სამხრეთაღმოსავლეთ დივიზიონი (რუსთავი)
დასავლეთ კონფერენცია
ჩრდილოდასავლეთის დივიზიონი (ქუთაისი)
პასიფიკის დივიზიონი (გორი)
სამხრეთდასავლეთის დივიზიონი (ბათუმი)
თითოეულ დივიზიონში 5 გუნდია, რომლებიც ერთმანეთს 2 წრედ შეხვდებიან და საუკეთესოები პლეი ოფში გავლენ. შესაბამისად, თითო გუნდი ჯგუფში 8 მატჩს ჩაატარებს და აღმოსავლეთ კონფერენციიდან პლეი ოფში დივიზიონების 8 მოწინავე გუნდი გავა, ხოლო დასავლეთ კონფერენციიდანაც – 8.
პლეი ოფში ყველა სერია ერთმატჩიანი იქნება. მერვედფინალებსა და მეოთხედფინალებს თბილისი (აღმოსავლეთ კონფერენცია) და ქუთაისი (დასავლეთ კონფერენცია) უმასპინძლებენ, რის შედეგადაც გამოვლენილი 4 საუკეთესო გუნდი თავს დედაქალაქში მოიყრის და ოთხთა ფინალს ითამაშებს.
რაც შეეხება B ლიგას, მისი ყველა შეხვედრა თბილისში ჩატარდება, რადგან გუნდების უმეტესობა დედაქალაქიდან გახლავთ.
დივიზიონებში მატჩები რამდენიმე დღეში დაიწყება, დღეს კი გუნდებს წილისყრის შედეგად ნბა-ს შესაბამისი კლუბების სახელები მიენიჭათ, რის შემდეგაც 3×3 საკალათბურთო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
ევროპის მოედნის მიმდებარედ გაშლილი იყო ფიბა-ს ლიცენზირებული 3×3 კალათბურთის მოედანი, რომლის ერთ მხარეს A ლიგის გუნდების ტურნირი მიმდინარეობდა, ხოლო მეორე მხარეს – B ლიგის.
A ლიგის ფინალში ერთმანეთს სან ანტონიო სფურსი (ბათუმი 1) და ვაშინგტონ ვიზარდსი (ოვერტაიმი) შეხვდნენ. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდა. საბა ზაქრაძისა და გიორგი რაზმაძის გაწვრთნილმა ოვერტაიმელებმა გამარჯვება მოიპოვეს და ფესტივალის ჩემპიონები გახდნენ. B ლიგის ჩემპიონი მაიამი ჰითისა (თბილისი ბასკეტ 2) და ლოს ანჯელეს კლიპერსის (მეგა) დაპირისპირებაში გამოვლინდა. საინტერესო ბრძოლაში გამარჯვებული გახდა ნიკა ხუციშვილის გაწვრთნილი კლიპერსი.
3×3 კალათბურთის ფესტივალზე გამოვლინდნენ მეორეადგილოსანი და გამარჯვებული გუნდები
B ლიგის მეორეადგილოსანი – “მაიამი ჰითი”
გუნდის წევრები:
•დათა არველაძე
•ლუკა ფოჩხუა
•სანდრო გურასპაული
•ლუკა ტატანაშვილი
A ლიგის მეორეადგილოსანი – “სან ანტონიო სპურსი”
გუნდის წევრები:
•ტატო ჩაჩინიძე – კაპიტანი
•ლუკა გაბისონია
•ბათა ძნელაძე
•ირაკლი თავართქილაძე
B ლიგის გამარჯვებული – “ლოს ანჯელეს კლიპერსი”
გუნდი წევრები:
•ირაკლი ლაშხი
•ლიზი ტიალაძე
•სანდრო რაჭველიშვილი
•დათა დოლიძე
A ლიგის გამარჯვებული – “ვაშინგტონ ვიზარდსი”
გუნდის წევრები:
•საბა ყიფშიძე -კაპიტანი
•გიო არაბული
•ოთო გოცირიძე
•ლუკა ფანჩულიძე
საუკეთესოების გამოვლენის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების თილისმა, ლომი “ჯეო” თავისი ოჯახის წევრ მასკოტებთან ერთად ესწრებოდა.
თავდაპირველად მეორე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ, შემდეგ კი – ჩემპიონები. ყველა პრიზიორს მედალი, ხოლო გამარჯვებული გუნდების კაპიტნებს – თასი გადასცა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა, რის შემდეგაც შტამბეჭდავი და მასშტაბური საკალათბურთო ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.