სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი კაკტუსისა და არანაკლები ამბიციური დელტას მატჩი ოვერტაიმში გადაიზარდა და საბოლოოდ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი კაკტუსელების ერთქულიანი გამარჯვებით – 75:74 (სტატისტიკა) დასრულდა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გურჯაანულმა გუნდმა ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო, რითაც ცოტა ხნის წინ ლიდერთა შორის მყოფმა სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა. კაკტუსი კი აგრძელებს სიურპრიზებს: ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი 7 მოგებითა და 1 მარცხით კავკასიასთან 1-2 ადგილებს იყოფს.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა თამაშს ეტყობოდა, რომ დაძაბული ფინალი იქნებოდა. ასეც მოხდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 67:67 დასრულდა. არადა, კაკტუსს ძირითადშივე შეეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ბოლო წუთზე 3 ქულით შეტევა ვერ დააგვირგვინა, ხოლო ბოლო წამებზე მეტოქისგან გამთანაბრებელი სამქულიანი მიიღო. კაკტუსის მოთამაშეებმა ვერ მოასწრეს ტაქტიკური ჯარიმის აღება, რათა მეტოქეს 2 საჯარიმო ესროლა. ეივი ტუმერმა შორეული სამქულიანით ანგარიში ძირითადი დროის ამოწურვამდე 5 წამით ადრე გაათანაბრა.
ოვერტაიმში დელტა დაწინაურდა, თუმცა კაკტუსმა ჯერ გაათანაბრა, მერე 2 ქულით გალიდერდა. ლიდერი კიდევ ორჯერ შეიცვალა და დადგა გადამწყვეტი მომენტი, რაც იაში გამოიხატა, რომ ოვერტაიმის ამოწურვამდე 6 წამით ადრე კაკტუსელმა რაიან ალენმა ეივი ტუმერს ჩაუჭრა და კონტრშეტევა შედეგიანად დააგვირგვინა – 75:74. გურჯაანელებმა დარჩენილ დროში ვერ მოახერხეს გამარჯვების ბურთის ჩაგდება.
კაკტუსში 10 ქულითა და 23 მოხსნით ჯეისონ კოპმანი გამოირჩა. კოპმანმა მიმდინარე სეზონის თავისივე რეკორდი (22 მოხსნა) გააუმჯობესა. 24 ქულით, 8 მპასითა და 4 ჩაჭრით რაიან ალენი გამოირჩა. 16 ქულით შეეხიდა გუნდს დაილს დენიელსი. დელტაში 21 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ეივი ტუმერი. 17 ქულითა და 8 მოხსნით გეგი ბაქრაძე გამოირჩა.