სუპერლიგის დებიუტანტი “მეგა”, რომელიც შარშან “ა” ლიგაში თამაშობდა, ფინალში გავიდა. ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირის ნახევარფინალურ მატჩში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მემორიალის შარშანდელი ფინალისტი “ვერა” დაამარცხა და ქუთაისში, ისტორიაში პირველი ტიტულის მოსაგებად ითამაშებს.
შარშანდელი ფინალი არ შედგა. 2021 წლის მემორიალის ფინალში “ქუთაისმა” “ვერა” დაამარცხა. იმერული კლუბი ტიტულს დაიცავს, თუმცა ამჯერად “მეგასთან”. ფინალური შეხვედრა ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში 25 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება ნახევარფინალურ მატჩს, ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. ორივე გუნდი დანაკლისით თამაშობდა, თუმცა “ვერას” 2 სასტარტო ხუთეულის მოთამაშე – ვახტანგ ქადარია და თაჩ უნრუჰი აკლდა. ამის მიუხედავად, დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი ვერელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.
თამაშის უმეტეს დროს ვერა იყო წინ. ბოლო პერიოდის წინ გასიტაშვილის გუნდი 79:70 ლიდერობდა, თუმცა მეგამ ბოლო ათწუთეულში დიდებულად ითამაშა. დასრულებამდე 2 წუთით ადრე ვერელები 5 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა დარელ ბრაუნმა და ზაკ სელიასმა გათანაბრება მოახერხეს – 96:96. ბოლო წუთზე კი მეგას ლეგიონერებმა იყოჩაღეს. ჯიმონ ჰენსონმა სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც დემონტე ფლანიგანმა ვერელებს ჩაუჭრა და ორქულიანი გარღვევით თავისიანებს გამარჯვება დაუბევა.
საუკეთესო 29 ქულით და 5 პასით ჯიმონ ჰენსონი გახდა. ფლანიგანის ანგარიშზე 22 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. შედეგიანობით გამოირჩა ოთარ ბულიავა – 16 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი. აღსანიშნავია ახალგაზრდა გიორგი კობახიძის კარგი თამაში, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და თავისიანების გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. “ვერაში” 35 ქულითა და 11 მოხსნით ზაკ სელიასი გამოირჩა, 30 ქულა დარელ ბრაუნის ანგარიშზეა.