საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აკროპოლისის თასზე მეორე მატჩი მასპინძელ, საბერძნეთთან გამართა და 67:80 დამარცხდა (სტატისტიკა) თავდაპირველად თამაში საკმაოდ დაძაბულად, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და აღსანიშნავია რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირისა და ზოგადად, მომავალი ევრობასკეტის ფავორიტ ბერძნებთან პირველ ნახევარში მშვენივრად ითამაშა.
პირველ მეოთხედში ქართველები 21:16 ლიდერობდნენ, მეორე პერიოდი მხოლოდ 2 ქულით, 16:18 დავთმეთ. მე-3 მეოთხედში, მსგავსად წინა შეხვედრისა, ბერძნებმა 12 ქულიანი გაქცევა მოაწყვეს და პერიოდი 10:22 მოიგეს. ბოლო მეოთხედი ქართველებმა 4 ქულით, 20:24 წააგეს და ბერძნებმა საბოლოოდ 13 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
მატჩის შემდეგ ილიას ზუროსმა ნაკრების წევრებს პირველ ნახევარში გამოჩენილი გარჯა შეუწყო, მაგრამ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მხოლოდ ეს საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არაა. გუნდმა უნდა ისწავლოს ბოლომდე, თამაშის მთელს მანძილზე ბრძოლა. ამის პოტენციალი ჩვენს ნაკრებს ნამდვილად გააჩნია და საჭიროა მეტი მონდომება და საქმისადმი მთელი გულით მიდგომა.
ქართველებს შორის უნდა აღინიშნოს სანდრო მამუკელაშვილის თამაში, რომელმაც 21 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 13-13 ქულა და 9-9 მოხსნაა თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის ანგარიშზე.
შეგახსენებთ რომ აკროპოლისის თასი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იმართება და იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უკვე ტრადიციად ქცეული ამხანაგური ტურნირია. ათენი აკროპოლისის თასს 31-ედ მასპინძლობს და წელს მასში მონაწილობას საქართველოს, თურქეთის, პოლონეთისა და საბერძნეთის ნაკრებები იღებენ.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 19 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს და თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებთ.
ილიას ზუროსის კომენტარი მატჩის შემდეგ, რომელიც მან პრეს-კონფერენციაზე გააკეთა:
„საბერძნეთის ნაკრებმა უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენთვის სამწუხაროდ, იგივე პრობლემებს გადავაწყდით, რასაც წინა მატჩებში. განსაკუთრებით მესამე პერიოდში. მეორე ტაიმში გუნდურად ვერ ვითამაშეთ.
მეორე მხრივ, ხაზი უნდა გავუსვა პირვლ ტაიმში კარგ გამოსვლას. ტემპსაც ვაკონტროლებდით, სწრაფადაც გავრბოდით, სივრცეებსაც კარგად ვიყენებდით. ყველაფერი კარგად იყო. მეტი სტაბილურობა გვჭირდება. ჩვენი უკანახაზელები მეტად მობილიზებულები უნდა იყვნენ.
იმედი მაქვს, ძალიან მალე ვიქნებით იქ, სადაც უნდა ვიყოთ. ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.
რაც შეეხება, აკროპოლისის თასზე მომდევნო მატჩს პოლონეთთან, ვიტყვი, რომ მოსამზადებელი თამაშია. მას ვიყენებთ გაუმჯობესებისთვის. გუნდის შეკვრა იოლი არ არის, მითუმეტეს, რომ გვყავს ახალი სახეები. როცა საკონტროლო მატჩებში მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ და თამაშის დახვეწას ნაკლებ ყურადღებას უთმობ, ე.ი. არასწორი გზით მიდიხარ. ჩვენთვის მთავარი ამოცანა ერთი-ერთზე დაცვის გაუმჯობესება და შეტევაში ბურთის მეტად მოძრაობაა. ეს არის ჩვენი ორი მთავარი მიზანი პოლონეთთან მატჩის წინ“.
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
ΤΟΥΡΝΟΥΑ ΑΚΡΟΠΟΛΙΣ / ΓΕΩΡΓΙΑ – ΕΛΛΑΔΑ (ΘΑΝΑΣΗΣ ΔΗΜΟΠΟΥΛΟΣ / EUROKINISSI)
-
-
ΤΟΥΡΝΟΥΑ ΑΚΡΟΠΟΛΙΣ / ΓΕΩΡΓΙΑ – ΕΛΛΑΔΑ (ΘΑΝΑΣΗΣ ΔΗΜΟΠΟΥΛΟΣ / EUROKINISSI)
-
-
ΤΟΥΡΝΟΥΑ ΑΚΡΟΠΟΛΙΣ / ΓΕΩΡΓΙΑ – ΕΛΛΑΔΑ (ΘΑΝΑΣΗΣ ΔΗΜΟΠΟΥΛΟΣ / EUROKINISSI)
-
-
ΤΟΥΡΝΟΥΑ ΑΚΡΟΠΟΛΙΣ / ΓΕΩΡΓΙΑ – ΕΛΛΑΔΑ (ΘΑΝΑΣΗΣ ΔΗΜΟΠΟΥΛΟΣ / EUROKINISSI)