მოთამაშეთა განვითარების ლიგის ვიდეოკოლაჟი და გუნდების შეფასებები

მოთამაშეთა განვითარების ლიგის ვიდეოკოლაჟი და გუნდების შეფასებები

მოთამაშეთა განვითარების ლიგა 27 აგვისტოს დასრულდა და მის მონაწილეთაგან დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. აღნიშნული ლიგა უპირველესად მოთამაშეებისთვისა და მწვრთნელების განვითარებისთვის, მათთვის საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, დამატებითი ასპარეზის მისაცემად შეიქმნა და დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქას, რომ პროექტმა გაამართლა (იხილეთ ვიდეოპრეზენტაცია). 

მოთამაშეთა განვითარების ლიგაში ასპარეზობისა და თავის წარმოჩენის შემდეგ სუპერლიგის კლუბებმა 7 კალათბურთელს გაუფორმეს კონტრაქტი, ხოლო დაახლოებით 16-ის შემთხვევაში დაინტერესება სერიოზულია და მიმდინარეობს კლუბის მწვრთნელების მხრიდან დაკვირვება. ეს ინფორმაცია სუპერლიგის 11-ვე გუნდის ხელმძღვანელთან გასაუბრების შედეგად მოვიპოვეთ.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მოთამაშეთა განვითარების ლიგის მწვრთნელთა უმეტესობას და განვლილ ტურნირზე 2 ძირითადი შეკითხვა დავუსვით: თუ რა შესძინა მათ პროფესიული თვალსაზრისით აღნიშნულ ლიგაში მონაწილეობამ და სამომავლოდ, ლიგის გაუმჯობესებისთვის, რის შეცვლას ისურვებდნენ…

 

 დავით როგავა („ოლიმპი“): როგორც მწვრთნელისთვის, ეს ტურნირი ჩემთვის დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო. პირველად ვიყავი მთავარი მწვრთნელის ამპლუაში და ბევრი რამისთვის სხვა კუთხით მომიწია შეხედვა. ბევრ საკითხში მოთამაშეები დამეხმარნენ და გამიმართლა, რომ ასეთი გუნდი მყავდა. დარწმუნებული ვარ, ყველა მწვრთნელისთვის კარგი გამოცდილება იყო განვითარების ლიგა. რაც შეეხება მოთამაშეებს, განვითარების ლიგის გუნდიდან 3 მოთამაშეს კონტრაქტი გავუფორმეთ და ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი შედეგია.

ალბათ, კარგი იქნებოდა უკვე მომავალი წლიდან ლეგიონერების ჩამოყვანა სინჯებზე და მათი გატესტვა ამ თამაშებში. სასურველია, ორგანიზების კუთხით, დრაფტის შემდეგ გუნდთან სამუშაოდ ერთი კვირა მაინც გვქონდეს.

კახა დარახველიძე („ქუთაისი“): ძალიან კარგი ტურნირი გამოვიდა. როგორც მწვრთნელმა, დიდი გამოცდილება მივიღე. აქამდე ასაკობრივ ჩემპიონატებში ვუძღვებოდი ქუთაისის გუნდებს, მოთამაშეთა განვითარების ლიგამ კი საშუალება მომცა ახალგაზრდებთან ერთად, პროფესიონალ კალათბურთელებთნ მემუშავა. ბევრ რამეს სულ სხვა კუთხით შევხედე. ახალმა ტურნირმა გაამართლა და ამისთვის დიდი მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას. სამომავლოდ ლიგის გასაუმჯობესებლად ვისურვებდი, რომ ლიგაში უფრო მეტი გამოცდილი და პროფესიონალი კალათბურთელი დარეგისტრირდეს. ვფიქრობ, ახალგაზრდებთან ერთად, გამოცდილი მოთამაშეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ვისურვებდი, რომ მომავალში, ქვედა ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნას და მწვრთნელებს გაცილებით მეტის არჩევანის საშულება მოგვეცეს.  

ზვიად ანთაძე (ცხუმაფხაზეთი): ძალიან მაგარი პროექტია. ასაკობრივი ლიგებიდან ისეთი ბავშვები აღმოვაჩინე, წარმოდგენაც არ მქონდა.  სამწუხაროდ, სუპერლიგის დატვირთულობიდან გამომდინარე ხშირად არ მაქვს საშუალება, თვალი ვადევნო ასაკობრივ ჩემპიონატებს. მოთამაშეთა განვითარების ლიგამ კი საშუალება მომცა, ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეები მენახა. ასევე სასიამოვნო იყო ახალგაზრდა მსაჯების  ნახვა თამაშებზე. სამომავლოდ, ვისურვებდი, რომ არჩევის პროცესი მწვრთნელისთვის შედარებით გამარტივდეს. ვგულისხმობ მოთამაშეების მონაცემთა ბაზას და ვიზუალიზაციას. უნდა ვაღიარო, რომ როგორც მწვრთნელს, გამიჭირდა არჩევის პროცესი, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეების უმეტესობას არ ვიცნობდი.  მიხარია, რომ ამ პროექტმა ძალიან ბევრი კარგი ბავშვი აღმომაჩენინა.  

ჟოლივეტ ტუჯანი (დინამო თბილისი): შესანიშნავი ტურნირი გამოვიდა, რომელიც ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის კარგი საშუალება გახლდათ. არაერთი მოთამაშე გამოჩნდა, რომელსაც დიდი კალათბურთის თამაშის რეალური პერსპექტივა გააჩნია და კარგი იქნება, ლიგაც ამ მიმართულებით თუ დაიხვეწება. კონკრეტულად იმას ვგულისხმობ, რომ დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი და ლიგაში მონაწილეობა, ვთქვათ, 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის იყო ნებადართული. ანაც ისეთი მოთამაშეებისთვის არ იყოს შესაძლებელი რეგისტრაცია, რომლებსაც სუპერლიგაში თამაშის 2 წელზე მეტი გამოცდილება გააჩნია. ამ გზით უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცემა შანსი, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს. ეს რაღაცით დაემსგავსება ამერიკის სტუდენტურ ლიგას და ახალგაზრდებისთვის დიდი სტიმული იქნება. მოთამაშეებთან ერთად ეს ლიგა მწვრთნელებისთვისაც კარგი გამოცდილების მიღების შანსი გახლდათ. დიდი ხანი არაა, რაც სუპერლიგის გუნდის წევრებთან დავიწყე სამწვრთნელო საქმიანობა და მოთამაშეთა განვითარების ლიგაში მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იყო ჩემთვის. 

ნიკა ცინცაძე („მგზავრები“): სუპერლიგის ასისტენტ მწვრთნელებს საშუალება მოგვეცა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიგვეღო და ეს ძალიან კარგი წამოწყებაა. მოთამაშეებთან დამოუკიდებლად ვმუშაობდი და მათ ჩემს ხედვებს, იდეებს ვუზიარებდი. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ მონაწილეთათვის ქვედა ასაკობრივ ზღვარს 1 წლით დასწევთ და ლიგაში 17 წლიდან ჩაერთვებიან. ეს ისეთი ასაკია, 1 წელიც ბევრს ნიშნავს. ამავდროულად, ვისურვებდი, რომ მოთამაშეთა განვითარების ლიგა სეზონის დასრულებიდან მალევე, ანაც ახალი სეზონის წინ ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში, მოთამაშეები უფრო კარგ ფორმაში, მომზადებულები შეხვდებიან განვითარების ლიგის თამაშებს.

დავით არწივიძე (თსუ): მივესალმები ფედერაციის ამ წამოწყებას. როგორც მწვრთნელმა, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მოთამაშეთა განვითარების ლიგაში გამოსვლამ საკუთარი თავის რწმენა შემმატა. ეს არის შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რათა საკუთარი შესაძლებლობები რეალურად წარმოაჩინონ. ვფიქრობ, მომდევნო წლებში, თაობა რომ შეიცვლება, ამ ლიგას სხვა თვალით შეხედავენ და ყველაფერი უფრო დახვეწილი იქნება.  საშუალება თუ მექნება, ყოველთვის მივიღებ ლიგაში მონაწილეობას და მას ბევრად უფრო მომზადებული შევხვდები.  

მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავი“): ხშირად არ მაქვს შეხება ასაკობრივ ჩემპიონატებთან და მიხარია, რომ გავიცანი ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე. ვფიქრობ, ლიგაში ზოგიერთი სამოყვარულო დონის მოთამაშე იყო, თუმცა ალბათ ესეც საჭირო იყო და მწვრთნელებს შეფასებების გაკეთების საშუალება მოგვეცა. საინტერესო იყო, რომ ლიგაში ახალგაზრდებთან ერთად გამოცდილი მოთამაშეებიც ასპარეზობდნენ და ეს ძალიან დასაფასებელია. მაგალითად გიორგი ცინცაძე, რომელმაც ბევრ ახალგაზრდას მისცა მაგალითი და ის მისაბაძი იყო მოზარდებისთვის.  მთლიანობაში, მოთამაშეთა განვითარების ლიგას დადებითად შევაფასებდი და იმედი მაქვს, მომავალში ის კიდევ უფრო ბევრი ახალგაზრდისთვის მიმზიდველი გახდება.

გივი ბაქრაძე („ვერა“): ძალიან კარგი წამოწყებაა. მოთამაშეთა განვითარების ლიგა კარგი შანსია როგორც ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის. ჩემთვის საინტერესო იყო და კარგი გამოცდილება მივიღე. როგორც მწვრთნელი, ვისურვებდი სამომავლოდ უშუალოდ ლიგის დაწყებამდე მოთამაშეებთან მუშაობისთვის უფრო მეტი დრო გვქონდეს, რათა უვარჯიშებელი მოთამაშეები სათამაშო ფორმაში შევიდნენ და მწვრთნელებს მათთან მუშაობის და დაკვირვების მეტი დრო გვქონდეს.

დავით ნოზაძე  („ტიტები“): როგორც მწვრთნელს, მოთამაშეთა განვითარების ლიგამ მომცა პროგრესის საშუალება და მივიღე დიდი გამოცდილება. ვიმუშავე და დავაკვირდი ახალგაზრდა მოთამაშეებს.  მწვრთნელებმა მოთამაშეებს განვითარებისა და თამაშის მეტი საშუალება უნდა მივცეთ, რათა მათ შეძლონ თავიაანთი თავის წარმოჩენა. გუნდები არა მოგებაზე, არამედ მოთამაშეების განვითარებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი – განვითარების ლიგის იდეა და პრიციპიც ამაში მდგომარეობს. ასევე, სასურველი იქნება, გუნდებში კონტრაქტიანებზე გაცილებით მეტი თავისუფალი კალათბურთელი ვიხილოთ.

იხილეთ მოთამაშეთა განვითარების ლიგის ფოტოგალერეა.