მწვრთნელთა კავშირი ზაზა ფაჩულიას აკადემიის სამწვრთნელო პროგრამის მხარდამჭერია

მწვრთნელთა კავშირი ზაზა ფაჩულიას აკადემიის სამწვრთნელო პროგრამის მხარდამჭერია

ზაზა ფაჩულიას აკადემიის ორგანიზებითა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით დღეს ახალი სამწვრთნელო პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანია დამწყები მწვრთნელების მომზადება და მათთვის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და ლექტორის, ნიკა ნიბლაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის გავლის შემდეგ მწვრთნელებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად განსაზღვრონ თავიანთი სამომავლო კარიერა და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში საქმიანობა დაიწყონ ზაზა ფაჩულიას აკადემიაში, ანაც ნებისმიერ სხვა საკალათბურთო სკოლასა თუ კლუბში.

პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა, რომლის განმავლობაშიც რეგისტრაციისა და გასაუბრების შედეგად შერჩეულ დამწყებ მწვრთნელებს ყოველკვირეულად ჩაუტარდებათ საკალათბურთო თემატიკის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობები.

დღეს, ნიკა ნიბლაძის პირველ სემინარზე, რომელიც საკალათბურთოს წვრთნის საფუძვლებს ეხებოდა, სტუმრად მივიდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრის, მწვრთნელთა კავშირის  პრეზიდენტი დავით უსტიაშვილი და მისი კოლეგები, რომლებიც პროექტის დეტალებს გაეცვნენ და მის მონაწილეებს სამწვრთნელო ლიტერატურა, ჯანსაღი კვებისა და მწვრთნელებისთვის საჭირო 5 სახეობის ბროშურები გადასცეს.