ნიკოლოზ დერიუგინი, მიხეილ კობეშავიძე, დუდუ დადიანი

ნიკოლოზ დერიუგინი, მიხეილ კობეშავიძე, დუდუ დადიანი

2021 წელს საქართველო  ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებსსაიდან დაიწყო ქართული კალათბურთი, რა გზა გაირა დღემდე და როგორ მივიდა ევრობასკეტამდე. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იწყებს ახალ პროექტს ქართული კალათბურთის გზა  2021  წლის ევრობასკეტამდე

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტი გრძელვადიანია, რომელიც დაიწყება 2019 წლის ოქტომბერში და გაგრძელდება 2021 წლის ევრობასკეტამდეაღნიშნული პროექტის საშუალებით, ევრობასკეტ 2021-ის ფარგლებში ქართულ საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია ქართული კალათბურთის ისტორიის, მოთამაშეების და მწვრთნელების  შესახებ, რომელთა დამსახურებითაც კალათბურთი გახდა მოწინავე სპორტის სახეობა  და მივიდა ევრობასკეტამდე.

ქართული კალათბურთის ისტორია ორ ნაწილად იყოფადამოუკიდებლობამდე და მის შემდეგ.  1991 წლიდან ქართული კალათბურთიც დამოუკიდებლად ჩაება საერთაშორისო საკალათბურთო ასპარეზზესაქართველოს ეროვნული ნაკრები ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით დაიძრა ევროპის ჩემპიონატის  ფინალური ეტაპისკენ.

დღეიდან მოგიყვებით  მოთამაშეებზე, რომლებმაც იასპარეზეს საქართველოს ნაკრების ოფიციალურ  მატჩებში და თავიანთი წვლილი შეიტანეს ქართული კალათბურთის განვითარებაში. მოგითხრობთ ნიკოლოზ დერიუგინიდან, ვახტანგ ნაცვლიშვილიდან ვლადიმერ სტეფანიადან ზაზა ფაჩულიამდე, ვიქტორ სანიკიძემდე და მანუჩარ მარკოიშვილამდე, რომელთა ასპარეზობის ისტორიით დასრულდება პროექტის პირველი ეტაპი.

მეორე ეტაპზე კი გიამბობთ ისტორიას  1922 წლიდან, ქართული კალათბურთის  დაარსებიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე

 

 დერიუგინის პასით დაწყებული დიდი საქმე

                            ვიდრე ზევით ავიხედებოდი

    ჩვენმა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი ინგლისის ქალაქ ბირმინგემში  1995   წლის 24 მაისს გამართა, როცა ევრობასკეტი 1997-ის საკვალიფიკაციოზე პოლონეთს დაუპირისპირდა. პირველ წუთებს ვახტანგ ნაცვლიშვილი იხსენებს:

– სადაო გდებისას ავხტი და ბურთი ჩემი თანაგუნდელებისკენ გადავაგდე. პირველი შეტევა წარუმატებელი გამოდგა, ავაცილეთ. პოლონელების საპასუხო იერიშიც უშედეგოდ დასრულდა. მატჩის მესამე შეტევისას ჩვენმა გამთამაშებელმა ბურთი ფარქვეშ ნიკოლოზ დერიუგინს ჩაუგდო. იგი ახტა, ნახევარკაუჭით კალათისკენ უნდა ესროლა, თუმცა დამინახა, რომ თავისუფალ პოზიციაში ვიყავი, მაჯის მოძრაობით ბურთს მიმართულება ჩემკენ შეუცვალა. ასეთი ეფექტური პასის გაცუდება წარმოუდგენელი იყო – 2:0.

სიმბოლურია, რომ პირველი ქულები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ნიკოლოზ დერიუგინის პასით ჩავაგდეთ. მას 1982 წელს თვით ამერიკის ნაკრები ჰყავს დამარცხებული (კოლუმბიის მსოფლიოს პირველობაზე). 13 წლის შემდეგ ნაკრებს რომ დასჭირდა, უყოყმანოდ მოირგო მაისური, რომელსაც გულზე “ჯორჯია” ეწერა.

თუმცა, რომ არა ტრავმა, ეგებ პირველივე ცდაზე მიგვეღწია ევრობასკეტისთვის:

1986 წელს მუხლის მძიმე ტრავმა მივიღე. მას მერე 5 წელი გამიცდა. მოედანზე კი დავბრუნდი, მაგრამ, როგორც იტყვიან, ცალი ფეხით ვთამაშობდი. ჯერ უნგრულიმაფთისღირსებას ვიცავდი, ხოლო პირველი სანაკრებო მატჩებისას სლოვაკურსლოვაკფარმშივთამაშობდი. მაშინ ზედმეტი წონა არ მაწუხებდა და, შესაბამისად, მუხლიც ძლიერ არ მტკიოდა, თუმცა მუდმივად შეხვეული მქონდა, მეშინოდა მეორედაც არ დამეზიანებინა. ბურთის რომ ავიღებდი, ვიდრე ზემოთ ავიხედებოდი, დაბლა ვიყურებოდიახტომისას მარჯვენა ფეხით ვიწეოდი და ვცდილობდი ორივე ფეხზე ერთად დავმხტარიყავი, რადგან მარცხენა ფეხი არ მეტკინა. ასე რომ, ნაკრებისთვის რასაც შემეძლო, იმას ვაკეთებდი, თუმცა ტრავმა თავისუფლად თამაშის საშუალებას არ მაძლევდა, – იხსენებს ნიკოლოზ დერიუგინი.

საქართველოს ნაკრებმა ბირმინგემში გამართული საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, შესარჩევი ბოსნიასთან ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო (77:66) და იმავე ბოსნიასთან ბერლინში რომ მოეგო, ევროპის ჩემპიონატსაც ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდებოდა, მაგრამ საკალათბურთო განგებამ 2011 წლამდე არ ინება “ჯვაროსნების” ევრობასკეტზე ხილვა.

ნიკოლოზ დერიუგინმა კი სანაკრებო კარიერა 1996 წელს პირველი ციკლის შემდეგ 10 მატჩით დაასრულა.

ევრობასკეტი 1997-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბირმინგემში, საქართველოს ნაკრების ამოცანა ექვსგუნდიან ჯგუფში სამ საუკეთესოს შორის მოხვედრა გახლდათ.

– ფავორიტები ინგლისი და პოლონეთი იყვნენ. მათთან დავმარცხდით. ბოლო ორ ტურში აუტსაიდერებთან, უელსთან და ლუქსემბურგთან უნდა გვეთამაშა და დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოვიგებდით. მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი დანიასთან გვქონდა. ჩვენს შორის ვინც გაიმარჯვებდა, ის მიიღებდა მომდევნო ეტაპის საგზურს, – იხსენებს ეროვნული გუნდის პირველ შესარჩევს მიხეილ კობეშავიძე.

  ნიკოლოზ დერიუგინმა და გია სანაძემ დანიას 20-20 ქულა ჩაუგდეს, ვახტანგ ნაცვლიშვილმა – 15, ირაკლი ვაშაკიძემ – 13, მიხეილ     კობეშავიძემ – 12 და 97:86 გავიმარჯვეთ.

  – დანიასთან მოგების შემდეგ ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რომ ნახევარფინალურ ეტაპზე ჩვენ გავიდოდით. დანიელები ფარ- ხმალს არ ყრიდნენ… უელსთან მატჩის წინა დღეს შევიტყვეთ, რომ ჩვენს თამაშზე ერთ-ერთი არბიტრი დანიელი უნდა ყოფილიყო, –  განაგრძობს მიხეილ კობეშავიძე.

  ქართველებს ახალი საზრუნავი დაემატათ: დაემტკიცებინათ კომისრისთვის, რომ უელსთან მატჩი დანიელს არ უნდა განესაჯა.

  – შეხვედრის წინა დღისით 40 მილის გავლა მოგვიწია ფიბა-ს კომისრამდე რომ მიგვეღწია. დავსხედით და 2 საათი ვარწმუნებდით.  კომისარი გვიხსნიდა – ძალიან კარგი ბიჭია და ნახავთ, სამართლიანად თუ არ იმოქმედოსო. ბოლოს ქართულ ამბებსაც გადავწვდით, ვუთხარით – ჩვენს ქვეყანაში იარაღი ახლახან დაყარეს, სპორტის ყველა სახეობა კრიზისშია, ხალხს კალათბურთელების იმედიღა აქვს და იქნებ ჩვენს მდგომარეობაში შეხვიდეთო. მგონია, ამან გაჭრა. მსაჯი შეცვალეს, თუმცა იმ დანიელი არბიტრის ოთახის მეზობელი დაგვინიშნეს, – დღეს უკვე ღიმილით ამბობს ნაკრების მეორე მწვრთნელი ნოდარ ქორქია.

  უელსს 101:73 მოვუგეთ, ლუქსემბურგს – 81:64 და ბირმინგემიდან თავაწეულები დავბრუნდით. სხვათა შორის, ლუქსემბურგთან  ჩაგდებული 13 ქულა მიხეილ კობეშავიძისთვის ნაკრებში სარეკორდო იყო.  

მან ეროვნულ გუნდში კიდევ სამი შეხვედრა გამართა, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. წარმატებული მწვრთნელი რომ გახლავთ, ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს თავკაცობდა.

საკვალიფიკაციოს შემდეგ ნახევარფინალური (შესარჩევი ეტაპი იყო), რომელშიც გაცილებით ძლიერი მეტოქეები გვერგო. მათ შორის საბერძნეთი, რომელმაც საბოლოოდ 10-დან 9 შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილით გავიდა ევრობასკეტი 1997-ზე.

თბილისურ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდს ნაკრების გამთამაშებელი დავით თორთლაძე იხსენებს:

– საბერძნეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ გეორგიოს სიგალასს დუდუ დადიანი მეურვეობდა. დუდუ მას ხისტად ეთამაშებოდა, გასაქანს არ აძლევდა. ერთ ეპიზოდში ბერძენმა ვეღარ მოითმინა და დადიანს ხელები გაუშალა, მათ ერთმანეთისკენ გაიწიეს, თუმცა საქმე ჩხუბამდე არ მისულა – თანაგუნდელებმა შევაჩერეთ. ამ ამბავს გაგრძელება მატჩის შემდეგაც მოჰყვა, დუდუმ გეორგიოსს სასტუმროში საჩუქრით მიაკითხა. საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ სიგალასმა თავის მეურვეს პატივისცემის ნიშნად ბოტასები გამოუგზავნა.

სხვათა შორის, 1997 წლის 26 თებერვალს სპორტის სასახლეში საბერძნეთთან გამართული მატჩი დუდუ დადიანისთვის ბოლო იყო სანაკრებო კარიერაში.

იგი 1999 წლიდან კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა. რომ არა დუდუ, ზაზა ფაჩულიას სანაკრებო დებიუტი სამი წლით გადაიდებოდა:

“ულქერის” ხელმძღვანელობა საქართველოში არ მიშვებდა, რადგან თურქეთის პირველობის პლეი ოფი მიმდინარეობდა. ეს რომ გაიგო, დუდუ დადიანმა იმდენი მოახერხა, ერთ დილას “ულქერის” მენეჯერმა საკუთარი მანქანით გამომიარა და მითხრა: გაემზადე, აეროპორტში მივდივართო. მან თავად წამიყვანა ათათურქის სახელობის აეროპორტში. გახარებული და ამავე დროს გაკვირვებული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რამ განაპირობა სიტუაციის ასე რადიკალურად შეცვლა. მენეჯერმა აეროპორტში ავტომობილი რომ გააჩერა, გამომხედა: ვიდრე მანქანიდან ჩახვალ, დამპირდი, რომ დუდუ დადიანს აუცილებლად გამაცნობო. გახარებულმა სიტყვა მივეცი და საქართველოში გამოვფრინდი. რომ არა დუდუს ძალისხმევა, თბილისური დებიუტი კიდევ სამი წლით, 2004 წლამდე გადაიდებოდა

 90-იანი წლების საკალათბურთო ამბები გაგრძელდება…    კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი შემდეგ ჯერზე გიამბობთ ვახტანგ ნაცვლიშვილის, დავით ბერძენიშვილის და ირაკლი ბაქრაძის ამბავს…

მანამდე კი გაგაცნობთ ახალ პროექტს: