“ოლიმპმა” სუპერლიგის სეზონი დებიუტანტი “მეგას” ძლევით გახსნა

“ოლიმპმა” სუპერლიგის სეზონი დებიუტანტი “მეგას” ძლევით გახსნა

სუპერლიგის პირველი ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს “ოლიმპი” და “მეგა” დაუპირისპირდნენ. სუპერლიგის დებიუტანტისთვის პირველი მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა “ა” ლიგიდან გადმოსული გუნდი დამაჯერებლად – 86:72 (სტატისტიკა) დაამარცხეს.

არადა, “მეგამ” შეხვედრა საკმაოდ კარგად დაიწყო. დემონტე ფლანიგანის შედეგიანობით სუპერლიგის დებიუტანტები 22:11 დაწინაურდნენ, რაც ოლიმპელთა მობილიზების მიზეზი გახდა. როგავამ წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც მისმა გუნდმა თამაში გამოასწორა და ჩამორჩენის შემცირება იწყო. საწყისი პერიოდის ბოლოსთვის მეგას უპირატესობიდან 3 ქულა დარჩა, ხოლო მეორე ათწუთეულიდან “ოლიმპი” დაწინაურდა და მეტოქე უკან მოიტოვა.

ილია ლონდარიძის ფარქვეშ შედეგიანობას შედეგი მოჰყვა. გზა გაეხსნათ ოლიმპის უკანახაზელებსაც და 26:9 მოგებული მეორე პერიოდის შემდეგ როგავას გუნდი დიდი შესვენებისთვის 48:34 იგებდა. მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. ოლიმპის მოთამაშეებმა მეტოქეს გაქანება არ მისცეს. მაქსიმუმი, რაც დებიუტანტი გუნდის წევრებმა შეძლეს, ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ “ოლიმპმა” 14 ქულის სხვაობით იმარჯვა და სუპერლიგის გათამაშება დაგეგმილი სცენარით დაიწყო.

გამარჯვებულებს 21 ქულითა და 9 მოხსნით ილია ლონდარიძემ ულიდერა. 10 ქულა და 10 მოხსნა ბუნდუ აბდულაის ანგარიშზეა. 16 ქულა კენდრიკ ტომპსონმა მითვალა, ხოლო დავით ლომიძის ანგარიშზე 14 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. მეგაში 18 ქულით დემონტე ფლანიგანი გამოირჩა. ოთარ ბულიავამ 13 ქულა დააგროვა.