ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე – ნაწილი XI – ნაკრების ლეგიონერები
სპეციალური პროექტი ქართული კალათბურთის ისტორიის შესახებ, რომლის მიზანიც ჩვენი ეროვნული გუნდის წევრთა საქმიანობის წარმოჩენაა, გრძელდება. პროექტის –“ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-სკენ” – ფარგლებში დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების წევრთა დიდი ნაწილი წარმოგიდგინეთ და სანამ მოქმედ და იმ კალათბურთელებზე გადავალთ, რომლებმაც კარიერა ახლახან დაასრულეს, საქართველოს ნაკრების ლეგიონერებს წარმოგიდგენთ. დღემდე ჩვენს ნაკრებში 9 ნატურალიზებულ ამერიკელს უთამაშია
ნაწილი XI – უილიამსიდან ჯენინგამდე – ცხრა ამერიკელი საქართველოს ნაკრებში
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში, დიდი ალბათობით, ახალ ამერიკელს ვიხილავთ. როგორი იქნება “ჯვაროსნების” ისტორიაში მეათე ლეგიონერი? შემონდ უილიამსივით გამოცდილი? ტაირონ ელისივით შეგვაშველებს სამქულიანებს? მაიკლ დიქსონივით გულიანად მიუდგება საქმეს?
დღეს ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა რთულია, სამაგიეროდ იოლია თვალი გადავავლოთ საქართველოს ნაკრების უახლოეს ისტორიას და გავიხსენოთ, როგორ გვეხმარებოდნენ შემონდი, ტაირონი და სხვა ამერიკელები.
შემონდ უილიამსი
ნატურალიზებულთაგან “პირველი მერცხალი” შემონდ უილიამსი იყო. მის ხასიათზე წარმოდგენას შეგვიქმნის ერთი სახალისო ამბავი: სან ჯორჯოს ტურნირის მსვლელობისას ერთ-ერთ ვარჯიშზე კალათბურთელები ტაქსებით წავიდნენ.
აღმოჩნდა, რომ ერთი კაცი ზედმეტი იყო და მისთვის ცალკე მანქანა უნდა დაექირავებინათ.
უილიამსმა დამატებითი ტაქსი არ გამოაძახებინა, კუდიანი მანქანის საბარგული ახადა და შიგ მოექცა, აქაც კარგად მოვთავსდებიო…
შემონდის პირველ ბლიც-ინტერვიუ:
– “სიეტლში” სტეფანიასთან ვთამაშობდი, “ორლანდოში” – ფაჩულიასთან, ხოლო “დენვერში” – ცქიტიშვილთან. ნიკასა და ზაზასგან ვიცოდი, რომ კარგი ნაკრები გყავთ და სერიოზულ მიზნებს ისახავთ. როცა სტეფანიამ დამირეკა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დახმარება მთხოვა, სიამოვნებით დავთანხმდი. ამასთან, ძალიან მაინტერესებდა თქვენი ქვეყნის გაცნობა.
ტაირონ ელისი
2006 წლის 6 აგვისტოს ნაკრების თავკაცმა გორდონ ჰერბერტმა პრესკონფერენციაზე ახალწვეული გაგვაცნო:
– ტაირონ ელისთან გერმანულ “სკაილაინერსში” ვმუშაობდი. იგი ძლიერი კალათბურთელი და კარგი პიროვნებაა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მოთამაშე ჩამოვიყვანეთ.
უილიამსი 2005-ში “ბარსელონაში” გადავიდა და ნაკრებში კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი ვაი-ვაგლახით გამოუშვა. მომდევნო წელს შემონდი ტაირონ ელისმა შეცვალა.
მწვრთნელნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო… 2005-2009 წლებში ეროვნულიდან არაერთი მწვრთნელი წავიდა, ელისი კი ნაკრების ღირსი აღმოჩნდა – სამი წლის განმავლობაში ატარებდა საქართველოსდროშიან მაისურს.
– ჰერბერტმა იმიტომ ჩამომიყვანა, რომ გუნდის ინტერესებს მუდამ პირადულზე წინ ვაყენებ, – ამით დაიწყო ელისმა და 2009 წელს ასე დაასრულა:
– საქართველოს ნაკრებში პასპორტის გულისთვის ვთამაშობდი? არა, ვთამაშობ იმიტომ, რომ კალათბურთი მიყვარს და იმიტომაც, რომ ერთი დიდი ოჯახის, საქართველოს ნაკრების წევრი ვარ.
A დივიზიონის საგზური რომ მოვიპოვეთ, ტაირონმა სიამაყით თქვა – ელისაშვილი ვარო. ზოგიერთი ამერიკელისგან ეს ფრაზა შესაძლოა ირონიულ ნათქვამად მოგვჩვენებოდა, მაგრამ არა ტაირონისგან…
ტორინ გრინი
როგორც გითხარით, ელისი ჩვენთან 2009 წლის ჩათვლით თამაშობდა. მომდევნო სეზონში კალათბურთის ფედერაციას ბოდიში შემოუთვალა – მეუღლე ბავშვს ელოდება და ზაფხულში მის გვერდით უნდა ვიყოო.
სწორედ ამიტომ 2010-ში ჩვენი გუნდის ღირსება ტორინ გრინმა დაიცვა. თუმცა მანამდე იყო ორი ამერიკელი: მელვინ სენდერსი და ქუინტონ ჰოსლი.
პირველს საქართველოს მოქალაქეობა 2007 წელს მისცეს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არც ჩამოსულა.
ჰოსლიმ გრინთან ერთად 2010 წელს მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი. მაშინ გუნდს ვლადიმერ ბოისა დააკლდა და სწორედ ქუინტონს უნდა შეეცვალა ვოვა.
ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ოფიციალური შეხვედრებისთვის იგორ კოკოშკოვმა უპირატესობა გამთამაშებელ გრინს მიანიჭა და ჰოსლიც დაგვემშვიდობა.
მარკიზ ჰეინსი
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მარკიზ ჰეინსი დაგვეხმარა. იგი დღესაც თბილად იხსენებს საქართველოს ნაკრებში გატარებულ ორ თვეს:
– საინტერესო იყო ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა. საქართველოს ნაკრებში ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი, კალათბურთელები წლების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით არიან და კარგადაა შეთამაშებული. ვცდილობდი, მეც ნაკრების ნაწილი გავმხდარიყავი, თამაშის საკუთარ თავზე აღებით გუნდისთვის არ მევნო.
მარკიზი 2011 წლის 6 სექტემბერს საქართველოს დროშით ხელში სხვებთან ერთად ხარობდა ევრობასკეტის მეორე ეტაპზე გასვლას. თუმცა მასთან თანამშრომლობაც ერთწლიანი გამოდგა.
ჯეიკობ პულენი
წინა წლების მაგალითი რომ ვიცოდით, ბევრი ქართველი სკეპტიკურად შეხვდა ევროპაში გამოუცდელი ჯეიკობ პულენის ნაკრებში გამოჩენას.
თუმცა მაინც მადლობელნი უნდა ვიყოთ, რომ ნაკრებს 2012 წელს პულენი შერჩა და არა კორი ფიშერი. გრინი-ჰოსლის შემთხვევის მსგავსად 2012 წელსაც ორი ამერიკელი ჩამოიყვანეს. საკონტროლო მატჩებში რომელიც გაამართლებდა, შესარჩევშიც ის იასპარეზებდა.
…პულენი დარჩა. საშუალოდ 16.4 ქულას აგროვებდა. სამქულიანებით გაგვანებივრა.
ჯეიკობი სამი წლის შემდეგ, ევრობასკეტი 2015-სთვისაც დაბრუნდა საქართველოს ნაკრებში. ვერ ვიტყვით, ურიგოდ ითამაშა, მაგრამ ვერც იმას დავამატებთ – რასაც ველოდით, ის მოგვცაო… საშუალოდ მატჩში 7.2 ქულას აგროვებდა.
რიკი ჰიკმანი
2013 წელს ისევ ორი ამერიკელი ვიხილეთ სანაკრებო შეკრებაზე – ლუკ ზელერი და რიკი ჰიკმანი. კი თქვეს, ევრობასკეტზე ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია რომ ვერ ითამაშებენ, ტანმაღალი ზელერიც იმიტომ ჩამოვიყვანეთო, მაგრამ წინასწარ ცხადი იყო – ლუკი ევრობასკეტზე ვერ ითამაშებდა.
მიზეზი? – ჰიკმანი! იგი “მაკაბის” შემადგენლობაში ევროლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელი იყო და როცა განაცხადში ერთი ნატურალიზებულის შეყვანის უფლება გაქვს, ზელერს ჰიკმანზე წინ ვერ დააყენებ.
– თორნიკე შენგელიასა და ზაზა ფაჩულიას არყოფნაში ახალგაზრდები მეტად დაიტვირთებიან და მეც მხარში დავუდგები, რომ შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ, – გვითხრა ჰიკმანმა ევრობასკეტი 2013-ის წინ.
იგი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს კალათბურთელებს მართლაც ეხმარებოდა, მაგრამ ასეთი გამოცდილი კაცისგან მხარში დგომაზე მეტი გვჭირდებოდა…
თუმცა იგორ კოკოშკოვმა გვითხრა, ბოლომდე გახსნაში ხელი ტრავმამ შეუშალაო.
2014 წელს, შესარჩევზე რიკი ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა.
მაიკლ დიქსონი
– ხშირად მეუბნებიან, მეორე ელისი ხარო, ვიცი, რომ ოთხი წელი ითამაშა, საქართველოს ნაკრებისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ ხომ იყვნენ სხვა არანაკლები დონის მოთამაშეები? რატომ მადარებენ მაინცდამაინც ელისს? – გვკითხა მაიკლ დიქსონმა 2016 წელს.
მიზეზი მარტივია: დიდი ხნის წვალების შემდეგ ელისთან ერთად მოვახერხეთ მეორე დივიზიონიდან თავის დაღწევა; მეორე მიზეზი – ტაირონი საქართველოს ნაკრებს პერიმეტრიდან ძალიან ეხმარებოდა, ბევრს არ სტყორცნიდა, თუმცა 5-6 სამიანიდან 3-4-ს აგდებდა. და კიდევ ერთი მიზეზი – იგი გუნდზე თამაშობდა, საკუთარ ინტერესებს ნაკრებზე წინ არასოდეს აყენებდა.
სწორედ ასეთი იყო მაიკლ დიქსონი, რომელიც მშვენივრად ჩაეწერა ქართულ გუნდში. კონტრაქტის მიხედვით ორი წელი უნდა ეთამაშა და ჩვენთან მესამე წელიც გაჩერდა. სწორედ მესამე წელს, მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე საოცარი თამაშით გულშემატკივარს საბოლოოდ შეაყვარა თავი და მესამე ფანჯარაზე მისი ვერჩამოსვლით ბევრს გულიც დასწყდა.
მაიკლმა ნოემბერში ზაზა ფაჩულიას რეკორდი გაიმეორა – 36 ქულა ჩააგდო სერბეთთან. ამ შესარჩევზე კი 36.6 წუთში 27 ქულას აგროვებდა…
თუ ელისი სამქულიანებით ეშელონის გუნდებს ბომბავდა, დიქსონი ამას ევრობასკეტის შესარჩევებსა და ევროპის ჩემპიონატებზე აკეთებდა. გაგახსენებთ ლიეტუვასთან, ისრაელთან საევრობასკეტო მატჩების ბოლო წუთებს… საუკეთესო მატჩი, მაინც მონტენეგროში ჰქონდა – ვიქტორ სანიკიძის საოცარ სამქულიანამდე ხომ სწორედ დიქსონმა ჩააგდო ძალიან მნიშვნელოვანი შორეული ტყორცნა. იმ შეხვედრაში 31 ქულამდე ავიდა. მონტენეგროს მისსავე მოედანზე ვძლიეთ და ევრობასკეტი 2017-ზე პირველი ადგილით გავედით.
თად მაკფადენი
– მაკფადენსა და დიქსონს ვერ შევადარებ, ეს არ იქნება სწორი. თადის დადებითი მხარე ისაა, რომ უბრალოდ კარგი კალათბურთელია, – აღნიშნა ილიას ზუროსმა 2018 წლის ივნისში.
თად მაკფადენი საქართველოს ნაკრებში 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოჩნდა. ზაფხულში სერბეთთან და ავსტრიასთან ითამაშა, სექტემბრის ფანჯარა გამოტოვა, შემდეგ კიდევ ოთხ მატჩში დაგვეხმარა.
საშუალოდ 16.3 ქულა და 3.3 პასი – მშვენიერი მაჩვენებელია, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ის პერიოდია, ევროლიგისა და ფიბა-ს შეუთანხმებლობის გამო საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თითქმის ყოველ ფანჯარაში იცვლებოდა.
მაკფადენი საქართველოს ნაკრების ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის მონაწილეა: თბილისში ისრაელი 71:69 დავამარცხეთ. ბოლო წამს პირითი ხაზიდან ბურთი თადმა მიიღო, გიორგი შერმადინს გადააწოდა და გიომაც გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.
– ორივე გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა და ამიტომ გამოვიდა ასეთი დაძაბული შეხვედრა. ეს იყო დიდი მატჩი და ბედნიერი ვარ, რომ გავახარეთ ქართველი გულშემატკივრები, – აღნიშნა თად მაკფადენმა.
მეტ ჯენინგი
გაზეთ “ლელოსთან” პირველივე ინტერვიუში მეტ ჯენინგმა თქვა:
– ქართველ კალათბურთელებს სხვებისგან გამოარჩევთ მიზანსწრაფვა. ამ მხრივ ისინი სამაგალითოები არიან, არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ოჯახში, მეგობრობაში… დავაკვირდი იმასაც, რომ ქართველებს გულით უყვართ ყველა ადამიანი, ვინც მათ გარშემოა. სწორედ ამ თვისებების გამო თორნიკე შენგელია “ბასკონიასთვის” ძალიან ბევრს ნიშნავს, გუნდის შემკვრელია. ვიქტორ სანიკიძესაც ასეთი აურა აქვს. ამიტომ, მეტად სასიამოვნო იყო ვიქტორთან ერთ გუნდში ყოფნა და სასიამოვნოა შენგელიასთან ერთად მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. უკვე აღვნიშნე: როდესაც შანსი მომეცა საქართველოში მეთამაშა, არ დავფიქრებულვარ.
2018 წლის სექტემბერში საქართველოს ნაკრებში ვიქტორ სანიკიძის ყოფილმა და თორნიკე შენგელიას ამჟამინდელმა თანაგუნდელმა მეტ ჯენინგმა ორი მატჩი გამართა. რომ არა ფიბა-სა და ევროლიგის შეუთანხმებლობა, მეტსაც ითამაშებდა. მას ვერც ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციოზე ვიხილავთ (თუ ფიბა-სა და ევროლიგის მტრობა არ დასრულდა).
ამიტომ, ტანმაღალ ამერიკელს საქართველოდან სამახსოვროდ ორი სუპერ-მატჩი შერჩა – ისრაელში 85:80 მოგებული და თბილისში საბერძნეთთან 85:86 წაგებული. არადა, მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც თქვა – ეს ის შემთხვევა იყო, რომელშიც გამარჯვებას ვიმსახურებდითო.