კალათბურთის განვითარების პროექტის ფარგლებში საქართველოს 2 რეგიონში მორიგი ვიზიტები განხორციელდა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი ონსა და საჩხერეში იმყოფებოდნენ, სადაც სტანდარტულ საკალათბურთო ინვენტართან ერთად ინოვაციური, სროლის ტექნიკის დასახვეწი ტრენაჟორები ჩაიტანეს. ინვენტარი, რომელიც რაჭა-ლეჩხუმ ზემო სვანეთსა და იმერეთში ჩავიდა, აღნიშნული ქალაქებიდან შესაბამისი რეგიონის ქალაქებზე განაწილდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან – YDF (Youth Development Fund) – თანამშრომლობით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრები სისტემატურად სტუმრობენ საქართველოს რეგიონებს და მათ ყველა საჭირო ინვენტარით – სათამაშო ბურთებით, თანამედროვე ტაბლოებით, საკალათბურთო ფარებით, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეებით ამარაგებენ. მოთამაშეებთან ერთად ინვენტარი განკუთვნილია მწვრთნელებისთვისაც – ესაა სამწვრთნელო დაფები, სასტვენები, სხვადასხვა სპორტული ამუნიცია.
კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, სხვადასხვა ინვენტართან ერთად რეგიონებში თანამედროვე, ეგრეთწოდებული სროლის ტრენაჟორი გაეგზავნათ. რეგიონული განვითარების დეპარტამენტის შეკვეთით თურქეთში დამზადდა აღნიშნული ტრენაჟორები, რომელიც დამწყები კალათბურთელებისთვის სროლის ტექნიკის სწორად ათვისებისთვისაა განკუთვნილი. მასზე ვარჯიში შესაძლებელია იმ მოზარდებისთვისაც, რომლებსაც, როგორც იტყვიან, სროლა აქვთ გასასწორებელი.
პროექტის ფარგლებში, ინვენტარით მომარაგების მიზნით მორიგი ვიზიტები ივლისის თვეში – აჭარაში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში გაიმართება.