რუსთავმა ნახევარფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა

რუსთავმა ნახევარფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა

სუპერლიგის ნახევარფინალი საინტერესო და დაძაბული მატჩით გაიხსნა. პირველ ნახევარფინალურ სერიაში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული “ქუთაისი” მეოთხეადგილოსან “რუსთავს” შეხვდა. სერიის პირველი მატჩი პირველიდან ბოლო წუთამდე დაძაბული იყო. მაყურებელთა სოლიდური მხარდაჭერისა და სავსე დარბაზის მიუხედავად, რუსთაველებმა გადამწყვეტ მომენტში ხელჩასჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და მასპინძლები დაამარცხეს – 81:75.

პირველი პერიოდი მასპინძლებმა ბოლო წამებზე, 1 ქულით მოიგეს, ხოლო მეორე და მესამე მეოთხედები ფრედ დასრულდა. შესაბამისად, ბოლო ათწუთეულის წინ მასპინძლები 1 ქულით იგებდნენ და რუსთაველთა გამარჯვების საწინდარიც ის გახდა, რომ დასკვნით პერიოდში მათ ყველაზე შედეგიანად ითამაშეს, ქუთაისელი გულშემატკივრების ზეწოლის მიუხედავად ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს.

ქვემოქართლელთა საკვანძო მოთამაშე ადამ ბლეიზეკი გახლდათ, რომელიც ყოველ ისეთ ეპიზოდში აგდებდა ბურთებს, როცა ქუთაისელები ჩამორჩენას ამცირებდნენ. ბლეიზეკმა საბოლოოდ 29 ქულა, 7 პასი და 7 ჩაჭრა მიითვალა და საერთო სარგებლიანობით ყველას აჯობა. რუსთაველებმა მასპინძლებზე 6-ით მეტი – 10 სამქულიანი ჩააგდეს, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან მეტოქეზე 10-ით მეტი ბურთი მიითვალეს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩა ქვემოქართლელთა მეორე ყველაზე სასარგებლო მოთამაშე, ტაირელ ნელსონი, რომელმაც 11-დან 11 საჯარიმო ჩააგდო და მთლიანობაში თავი 21 ქულას, 6 მოხსნას და 4 პასს მოუყარა. რეზო ჩაჩანიძემ რუსთაველებს 11 ქულა მიაშველა.

“ქუთაისს” აკლდა გუნდის უპირველესი ლიდერი ჯონათან ლი, რომელიც რამენიმე დღის წინ, თასის გათამაშების ფინალში საუკეთესო მოთამაშე გახდა და იმერულ კლუბს ტიტული მოაგებინა. ლის არყოფნა დიდად დაეტყოთ ქუთაისელებს და თუკი ის სერიის დარჩენილ მატჩებში არ დაბრუნდება, იმერულ კლუბს ძალიან გაუჭირდება. “ქუთაისში” 23 ქულით საუკეთესო იყო დეჟუან რაიტი. 17 ქულა და 9 მოხსნა აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. 

სერიის მეორე მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 14 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება. რუსთაველებმა დღევანდელი გამარჯვებით ქუთაისელებს მოედნის უპირატესობა წაართვეს. ნახევარფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება. ქუთაისიდან სერია რუსთავში 17 მაისს გადაინაცვლებს.

ქუთაისი – რუსთავი
სტატისტიკა: 75:81