რუსთავმა სუპერლიგში მე-5 გამარჯვება ოლიმპთან მოიპოვა

რუსთავმა სუპერლიგში მე-5 გამარჯვება ოლიმპთან მოიპოვა

5 მატჩი, 5 გამარჯვება – ანატოლი ბოისას გაწვრთნილი “რუსთავი” სუპერლიგის ლიდერებს უახლოვდება. დაკარგული ქულებით ქვემოქართლური გუნდი დაუმარცხებელ “ქუთაისთან” ერთად ლიდერი კი გახლავთ, მაგრამ რუსთაველებს კოვიდ-ინფექციის გამო სხვებზე მეტი თამაში გადაედოთ და სხვა გუნდებზე ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.  დღეს, ქვემოქართლელებმა სუპერლიგის მე-5 მატჩი “ოლიმპთან” შინაურ კედლებში გამართეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 75:57 (სტატისტიკა).

“ოლიმში” ახლახან მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და დავით როგავამ გუნდის მესაჭეობა წარმატებულად დაიწყო. ოლიმპელებმა წინა ტურში “ტიტები” დაამარცხეს და რუსთავში, სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან მატჩიც საკმაოდ შედეგიანად დაიწყეს. სწრაფი და დაბალანსებული შეტევების ხარჯზე როგავას გაწვრთნილმა გუნდმა 15:20 წაგებული პირველ პერიოდის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა (26:26) და მასპინძელთა მწვრთნელს წუთშესვენების აღებაც მოუხდა. 

რუსთაველებმა თამაში დააწყნარეს, მედგარი დაცვით ოლიმპელთა შეტევები შეაჩერეს და კომბინაციების გათამაშებას მიჰყვეს ხელი. საიმედო უკანა ხაზის წყალობით, რომელსაც მალიქ უაითისა და მაიკ დევისის ფეთქებადი ტანდემი შეადგენდა, რუსთაველებმა ლიდერობის გამყარება დაიწყეს და დიდი შესვენებისთვის 40:31 დაწინაურდნენ.

მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. რუსთაველები ლიდერობას ნელა, თუმცა პერმანენტულად ზრდიდნენ და ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე მეტოქეს 20 ქულით გაექცნენ. ყველაფერიც აქ გაირკვა. “ოლიმპს” არ აღმოაჩნდა იმის რესურსი, რომ შინ მოთამაშე სუპერლიგის ერთ-ერთი ფავირიტისთვის დიდი ლიდერობა გაებათილებინა. საბოლოოდ მასპინძლები მშვიდად მივიდნენ გამარჯვებამდე და სუპერლიგის ცხრილში კვლავ უდანაკარგოდ, თუმცა ჯერ-ჯერობით მე-4 ადგილზე არიან.

გამარჯვებულებს 20 ქულითა და 10 მოხსნით მაიკ დევისმა ულიდერა. 14 ქულა და 11 მოხსნა ჯილან ვაშინგტონმა, ხოლო 10 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მალიქ უაითმა მიითვალა. “ოლიმპში” 9 ქულითა და 15 მოხსნით ყველაზე სარგებლიანი იყო ბუნდუ აბდულაი. 15 ქულა და 9 მოხსნა კახა ჯინჭარაძემ მიითვალა. ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე 11 პასი და 7 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მომდევნო მატჩები ხვალ, 19 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:
ტიტები – კაკტუსი 12:00
ცხუმ-აფხაზეთი – თსუ 17:00