“თანახმა ვარ, ყველა მოსამზადებელი მატჩი წავაგოთ და მერე, როცა მოგებას დიდი ფასი დაედება, მაშინ მოვიგოთ – ეს სიტყვები საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ილიას ზუროსს ეკუთვნის, რომელმაც დღეს, ისრაელთან სპარინგ-მატჩის წაგების შემდეგ განაცხადა: ეს იყო გაკვეთილი, კარგი გაკვეთილი იმისა, თუ როგორ არ უნდა ვითამაშოთ დაცვაში.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელთან დაცვაში მართლაც მოიკოჭლა. თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში ზუროსის გუნდმა 12 სამქულიანი მიიღო, ებრაელებმა ჯამში 36 შედეგიანი გადაცემა გააკეთეს და მეოთხე პერიოდში სტუმართა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია. ებრაელები თამაშობდნენ სწრაფად და შედეგიანად, საქართველოს ნაკრებს კი უჭირდა სტაბილურად და საიმედოდ გარჯა. პერიოდულად ჩვენები ძალიან კარგად ირჯებოდნენ და სოლიდურ ჩამორჩენას სწრაფად ამცირებდნენ, თუმცა მესამე პერიოდის მეორე ნახევარში ქართველებს, რომ იტყვიან, თამაში გაექცათ და ისრაელმა გასამარჯვებლად საკმარის უპირატესობას მიაღწია.
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მოთამაშეების გამოცდის, სხვადასხვა სათამაშო ტაქტიკის დამუშავების საშუალება მიეცა და ზოგადად, რისთვისაც ამხანაგური მატჩები იმართება, იმ დანიშნულებით სასარგებლოდ გამოიყენა. ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებმა ჩვეულად შეუტია და დაცვაც რომ ხარისხიანად დააყენა, ჩამორჩენაც მნიშვნელოვნად შემცირდა. საბოლოოდ ისრაელმა 8 ქულით – 104:96 (სტატისტიკა) იმარჯვა.
ჩვენს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც 26 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი გიორგი შერმადინის ანგარიშზეა, დუდა სანაძემ კი თავი 15 ქულას მოუყარა. 13 ქულა თად მაკფადენმა მოაგროვა, 9 კახა ჯინჭარაძემ, სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე 6 ქულა და 4 მოხსნა აკუმულირდა.
საქართველოსა და ისრაელის ეროვნული გუნდები დახურულ, სავარჯიშო ხასიათის სპარინგ-მატჩში ერთმანეთს კიდევ ერთხე, 13 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.