საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს მცირედი დააკლდა ფიბა-ს ევროჩელენჯერის მოგებამდე. ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი ფინალურ მატჩში იმ უნგრეთთან დამარცხდა, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე 61:51 დაამარცხა. საქართველოსთან დამარცხების შემდეგ უნგრელებმა ნახევარფინალში პორტუგალია დაამარცხეს, დღეს კი, ფინალურ მატჩში საქართველოს დაუპირისპირდნენ და რევანში აიღეს. საბოლოო ანგარიშია 75:72 (სტატისტიკა) – უნგრეთმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა საქართველო.
მატჩის ბოლო წამზე, საფინალო სირენის თანხლებით ნასროლი სამქულიანი გიორგი ბერუაშვილს აუცდა, თორემ ანგარიში გათანაბრდებოდა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდოდა. ისე კი, საქართველოს ნაკრებს საქმე ამ განწირულ სროლამდე არ უნდა მიეყვანა. ბოლო პერიოდში ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი 7 ქულით – 56:49 იგებდა, თუმცა უნგრელებმა მეტი მობილიზებითა და სიზუსტით ითამაშეს დარჩენილ 9 წუთში და გამარჯვებამდეც მივიდნენ.
საკვანძო გამოდგა ეპიზოდი, რომელიც საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე გათამაშდა, როცა უნგრეთი 68:66 იგებდა. ჩვენებმა შეტევა გააცუდეს, რის შემდეგაც ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურეს. უნგრელებმა საჯარიმო ხომ ჩააგდეს და იმავე შეტევაში სამქულიანიც მიითვალეს. შესაბამისად, 72:66 დაწინაურდნენ და ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეუფლნენ.
საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა დარჩენილ 2 წუთში ბოლომდე იბრძოლეს და თამაშის გადარჩენის შანსიც მიეცათ, მაგრამ ბოლო შეტევაში სამქულიან სასროლ პოზიციაზე ვერ გავიდნენ, ანგარიში რომ გაეთანაბრებინათ. პირით ხაზს იქით გასული ბურთი ქართველებს დარჩათ, თუმცა დასრულებამდე 0.8 წამი იყო და ბერუაშვილის სროლაც ვერ იყო ისე მომზადებული, რომ ჩავარდნილიყო.
ლუკა ალავიძე, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ნამატჩევს სპეციალური პრიზიც ჩაიბარა, ფინალურ მატჩში მოკრძალებული იყო. მის ანგარიშზე 5 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა დაგროვდა. საუკეთესო შედეგი კი ლუკა ლომთაძემ დააფიქსირა – 16 ქულა, 9 მოხსნა და 2 დაფარება. ნიკოლოზ აბულაძემ 15 ქულა მიითვალა, თენგო გოგიშვილმა – 12, ხოლო გიორგი ბერუაშვილის მონაგარი 10 ქულით განისაზღვრა.