საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა “თბილისი არენაზე” ამხანაგური მატჩი გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე გახლდათ ნიდერლანდები, რომელსაც ქართველებმა 9 ივლისს, სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 90:71 მოუგეს.
ამჯერად გამარჯვება ნიდერლანდს დარჩა. თბილისში, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში საასპარეზოდ ნაადრევად ჩამოსულმა ბენილუქსელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და ქართველებს დამაჯერებლად – 77:60 (სტატისტიკა) სძლიეს. სტუმრებმა ყველა პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით იმარჯვეს, რასიც ლომის წვლილი 16 ქულისა და 10 მოხსნის მიმთვლელ კრააგს მიუძღვის.
საქართველოს ნაკრებში 19 ქულითა და 6 მოხსნით ნიკოლოზ გაფრინდაშვილი გამოირჩა. 9 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა ლუკა ლიკლიკაძემ მოაგროვა, 8 ქულა და 6 მოხსნა გიორგი სალარიძის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ თბილისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონი სტარტს 15 ივლისს აიღებს. საქართველოს ჯგუფში მეტოქეებად კოსოვო, ავსტრია, შვედეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ჰყავს. ნიდერლანდები კი პირველ ჯგუფშია ისლანდიასთან, ესტონეთთან, ლუქსემბურგთან და რუმინეთთან ერთად.