დღეს, გერმანიის ქალაქ ფრეზინგში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქი 2022 წლის 15-24 ივლისს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს და ჩვენი ინტერესიც, ცხადია, უმეტესწილად ამ ასაკზეა მიპყრობილი.
ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა, რომელიც წილისყრაში უშუალოდ მონაწილეობდა და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილიც მიუჩინა. მაშ ასე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები B ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, კოსოვოსთან და ავსტრიასთან ერთად.
20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
მთლიანობაში, თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მონაწილეობას 20 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. შეიქმნა 5 გუნდისგან შემდგარი 4 ჯგუფი. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა, რომლებიც საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. სწორედ 3 საუკეთესო ნაკრებს ერგება ევროპის ჩემპიონატის ელიტარული, A დივიზიონის საგზური.
თბილისში 15-24 ივლისს გასამართი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ საკმაოდ ძლიერი სერბეთის, ლატვიისა და პოლონეთის ნაკრებები.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში 2022 წლის 29 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ნიდერლანდებთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, ბულგარეთთან, ნორვეგიასთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა. ამ ასაკობრივ ჩემპიონატში B დივიზიონში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. აქედანაც 2-2 საუკეთესო გავა მერვედფინალში და A დივიზიონში გადასსვლელი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.
16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
16-წლამდელთა B დივიზიონი 11-20 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდება. აქაც 24 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბება და გათამაშების ფორმატიც სხვა ასაკობრივი პირველობების ანალოგიური იქნება. D ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს მეტოქეები იქნებიან ესტონეთი, ბელგია, უნგრეთი, კვიპროსი და ავსტრია.
18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)
ვაჟებთან ერთად ჩატარდა გოგონათა ევროპირველობათა კენჭისყრაც. საქართველოს ნაკრები 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობს. 18-წლამდელთა ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს, რომელსაც 26-31 ივლისს ანდორა უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან გიბრალტარისა და მოლდოვას გუნდები.
20 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
რაც შეეხება 20-წლამდელ გოგონებს, B დივიზიონი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება და მასში 19 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. საქართველო B ჯგუფში გერმანიია, ისრაელის, ისლანდიისა და სომხეთის ნაკრებებთან იასპარეზებს.