საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის ემზადება. ამ მატჩით ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ხსნის. ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში ჩვენი ეროვნული ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს. უკრაინასთან 26 ნოემბრის მატჩის შემდეგ საქართველო სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. 26-ში ესპანელები პირველი ტურის მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის მზადება თბილისი სპორტის სასახლეში, 20 ნოემბრიდან დაიწყო. საწყის 2 დღეს გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – მილოშ გლიგორიევიჩი, გეორგიოს ლიმნიატისი და ანატოლი ბოისა ავარჯიშებდნენ. 22 ნოემბრიდან ნაკრების მომზადების პროცესს ილიას ზუროსი უძღვება, რომელიც ნაკრების მოთამაშეებს ჯერ უკრაინასთან მატჩისთვის ამზადებს, რის შემდეგაც მთელ ყურადღებას ესპანეთთან დაპირისპირებაზე გადაიტანენ.
ეროვნულ გუნდს ლეგიონერები პერიოდულად უერთდებიან. სადღეისოდ ნაკრებში ყველა მოთამაშე ჩამოსულია კაპიტნისა და ლიდერის, თორნიკე შენგელიას გარდა, რომელიც თბილისში მოსკოვიდან, ჩარტერული რეისით, თამაშის წინა დღეს გამოფრინდება. შენგელიას გუნდს ევროლიგაში თამაში აქვს და ქართველი ფორვარდი ამ შეხვედრის დასრულებისთანავე აიღებს გეზს საქართველოსკენ.
2-წლიანი პაუზის შემდეგ საკალათბურთო ნაკრების მატჩს მაყურებელი დაესწრება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და უკრაინის მატჩს სპორტის სასახლის საერთო ტევადობის 30 პროცენტი დაესწრება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.