მზადების პროცესში მყოფმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტს ეწვია და ადგილობრივ ნაკრებთან მინიმალურ სხვაობით დამარცხდა – 88:89 (სტატისტიკა).
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის წინაც და შემდეგაც აღნიშნა, რომ უნგრეთში მისი მთავარი ამოცანა არა გამარჯვება, არამედ ტაქტიკაზე მუშაობა და დაცვაში სწორი აქცენტები იქნებოდა. თუმცა ბოლო წამებზე სიტუაცია რომ დაიძაბა, მწვრთნელმა საქმეში თად მაკფადენიც ჩართო და საქართველოს ნაკრებს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
უნგრელებმა უკეთ ისროლეს სამქულიანები და ამის ხარჯზე გაიმარჯვეს. პირველივე შეტევისას რომ დაწინაურდნენ, მასპინძლები თითქმის მთელი თამაში იგებდნენ. მხოლოდ საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე, დუდა სანაძის ზუსტი სამქულიანის შემდეგ გათანაბრდა (82:82) ანგარიში, თუმცა უნგრელებმა ისევ სამქულიანით იხეირეს, რასაც ორიანიც მოაყოლეს და ბოლოსწინა წუთზე 5 ქულით – 89:82 გალიდერდნენ.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას და გიორგი ცინცაძის მეოხებით ჩვენმა გუნდმა ჩამორჩენა შეამცირა და თამაშის მოგებაც შეეძლო, თუმცა ქულით ჩამორჩენილ ქართველებს შესატევად მხოლოდ უმცირესი დრო ჰქონდა და შენგელიას ალალ ბედზე, სწრაფ შეტევაში ნასროლი პოტენციურად გამარჯვების ბურთი უნგრელთა კალათში არ ჩაეშვა.
გიორგი ცინცაძე ვახსენეთ და ახლა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ნაკრების შეუცვლელი და ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდსმენი გამთამაშებელი მოედანს წარმატებულად დაუბრუნდა. 36 წლის უკანახაზელმა გასული წლის ოქტომბერში მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და მას შემდეგ პირველად უნგრეთის წინააღმდეგ, კეჩკემეტში ითამაშა. ცინცაძემ თამაში სასტარტოში დაიწყო და მოედანზე თითქმის 23 წუთი გაატარა. მისი დაბრუნება და მოედანზე გატარებული შეხვედრის ნახევარზე მეტი დრო ნამატჩევს ილიას ზუროსმაც აღნიშნა.
უნგრეთის ნაკრებში 6-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა სხვადასხვა დროს ევროპის სუპერკლუბებში (რეალი, ბარსელონა, ბასკონია) მყოფმა ადამ ჰანგამ, რომელიც თორნიკე შენგელიას მეგობარია და მოედანზეც უმეტესწილად მას იჭერდა. შენგელია კი შეუჩერებელი იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 28 წუთით გამოჩნდა და მატჩში უმეტესი, 19 ქულა მოაგროვა. ტრადიციულად შედეგიანი იყო გიორგი შერმადინი და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლიც მის ანგარიშზეა – 18 ქულა, 10 მოხსნა. დუდა სანაძემ 16, ხოლო კახა ჯინჭარაძემ 10 ქულა მიითვალა.
საქართველოს ნაკრები უნგრეთთან კიდევ ერთ, სავარჯიშო ხასიათის თამაშს 6 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს და თბილისში დაბრუნდება, სადაც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვისა და ევრობასკეტისთვის მზადებას განაგრძობს.