საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. 1 ნოემბერს გამართულ გამგეობის სხდომაზე დავით საყვარელიძე აირჩიეს.
აწ უკვე ყოფილი გენერალური მდივანი, გიორგი ქართველიშვილი აღნიშნულ პოსტზე 2 ვადით იყო არჩეული და მისი 9-წლიანი მუშაობის პერიოდში ქართულ კალათბურთში ბევრი სასიკეთო რეფორმა განხორციელდა. კალათბურთის ფედერაციისა და ქართული საკალათბურთო სამყაროს სახელით გვსურს, მადლობა გადავუხადოთ გიორგი ქართველიშვილს, რომელიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) აღმასრულებელი საბჭოს წევრობასთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომისიის პრეზიდენტია და საკალათბურთო საქმიანობას განაგრძობს.
ახალმა გენერალურმა მდივანმა თავის მოადგილედ, საკალათბურთო სამყაროსთვის კარგად ცნობილი, ლაშა გამყრელიძე დანიშნა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი გახლდათ და ამ პოზიციაზე საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია წარმატებებს უსურვებს დავით საყვარელიძესა და ლაშა გამყრელიძეს ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში.