საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აკროპოლისის თასზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა და თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ 88:101 (სტატისტიკა) დამარცხდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი მთელი პირველი პერიოდი იგებდა, მეორეშიც ლიდერობდა, თუმცა თურქებმა თამაშის გათანაბრება მე-15 წუთისთვის მოახერხეს და დაწინაურდნენ, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებს მდევრის როლში უწევდა ყოფნა, მაგრამ მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა.
შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როცა ჩვენი გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ 2 საჯარიმო ჩააგდო და საქართველო მეტოქეს 3 ქულით – 85:88 მიუახლოვდა. სწორედ გადამწყვეტ მომენტში ვეღარ მოახერხეს ქართველებმა მობილიზება და მომდევნო 2 წუთში თურქებმა 13:0 გაქცევა მოაწყვეს, რითაც თავიანთ გამარჯვებას სოლიდური სახე მისცეს.
ნამატჩევს ილიას ზუროსმა გასახდელში კალათბურთელებს უთხრა, რომ წაგების მიუხედავად, თავი მაღლა ასწიონ და მეტი მონდომებით ითამაშონ. თურქეთი ევრობასკეტზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტია ესპანეთთან ერთად და ამ გუნდს ტოლი არაფერში დავუდეთ. მთავარი მწვრთნელის თქმით, ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა შეტევაში და დაცვაშიც, თუმცა ამ კომპონენტში ბოლომდე პოზიციები ვერ შევინარჩუნეთ. მეტი მუშაობა, მეტი მონდომება და ძალების მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო და შედეგიც აუცილებლად მოვა.
სიმართლე ითქვას, ბევრი არ ელოდა საქართველოს ასეთ შედეგიან დებიუტს, როცა მეტოქეს პირველ პერიოდში 10 ქულით ვუგებდით, პერიოდი 24:18 მოვუგეთ და ის, რომ თურქეთი უპირობო ფავორიტი იყო, მოედანზე არაფრით არ ჩანდა. ილიას ზუროსი გონივრულად მიმართავდა როტაციას და თამაშის საშუალებას დამსახურებისა და შესაძლებლობების ადეკვატურად უნაწილებდა ვეტერანსა თუ ახალგაზრდა კალათბურთელებს. ყველა, ვინც მოედანზე გამოვიდა, და ასეთი 11 კალათბურთელი იყო, თავი არავის შეურცხვენია.
თორნიეკ შენგელია ტრადიციულად შეუჩერებელი იყო. გიორგი შერმადინი ფარქვეშ დომინირებდა. ამა სუპერდუეტთან ერთად თამაში სასტარტოში დაიწყო სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი – 16 ქულა, 14 მოხსნა გაიფორმა და საერთო შედეგიანობით გიორგი შერმადინს გაუტოლდა. საუკეთესო კი ისევ თორნიკე შენგელია იყო – 20 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა.
ის, რომ მეტოქემ საბოლოოდ თავისი გაუტანა, პერიმეტრის დაუცველობის ბრალიც იყო. თურქებმა 12 სამქულიანი ჩააგდეს, რითაც გაგრძელდა ჩვენი მეტოქეების პერიმეტრსმიღმიდან ჩუბინობის უსიამო ტრადიცია. ბლო მატჩებში ყველა მეტოქემ მინიმუმ 10 სამიანი მიითვალა, რითაც ჩვენი დაცვის სუსტი წერტილები ნათლად გამოჩნდა.
საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე მომდევნო მატჩს 18 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს და თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებთ.