საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს მე-19 ან მე-20 ადგილზე დაასრულებს. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა მორიგი საკვალიფიკაციო მატჩი ბელარუსთან გამართა, რომელიც 61:68 დათმო და მე-17 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვა. პარალელურ საკვალიფიკაციო მატჩში კვიპროსმა სლოვაკეთს მოუგო და საქართველოს ნაკრებს მე-19 ადგილისთვის მატჩში სლოვაკები შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ბელარუსებს პირველი პერიოდი 22:10 მოუგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის 13 ქულით ლიდერობდა. მესამე ათწუთეულში ბელარუსებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს და ბოლო პერიოდში ქართველებზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს. დასკვნითი პერიოდის 22:8 მოგებით ბელარუსებმა საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა სანდრო კასაბურს, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ლუკა ლიკლიკაძის ანგარიშზე 11 ქულა, 13 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა. ლუკა ავალიანმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.
საქართველოსა და სლოვაკეთის მატჩი მე-19 ადგილისთვის 17 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველო – ბელარუსი
სტატისტიკა: 61:68