73-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. გასულ აგვისტოში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, ნიდერლანდებთან საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ტრავმა მიიღო და ეს ევრობასკეტის გაცდენად დაუჯდა. შენგელიამ იმ მატჩში გარდატეხა შეიტანა, რამაც საქართველოს ნაკრებს ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოუტანა, თუმცა ტრავმის შემდეგ ჩვენი ნაკრების პოტენციალი მნიშვნელოვნად დაადაბლა და აკი ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლაც ვეღარ მოხერხდა.
თორნიკე ოპერაციას გადაურჩა და იტალიელი ექიმების დახმარებით მხრის რეაბილიტაცია თერაპიული მეთოდებით შეძლო. შენგელია მოედანს 4 ნოემბერს, ევროლიგის მატჩში დაუბრუნდა, რომელშიც მისმა “ვირტუს ბოლონიამ” ფრანგულ “ვილერბანს უმასპინძლა და სამწუხაროდ დამარცხდა – 79:84. თორნიკესთვის ვილერბანთან გამართული მატჩი საიუბილეო იყო. შენგელიამ ევროლიგაში მე-200 შეხვედრა ჩაატარა. ვირტუსის მწვრთნელმა სკარიოლომ მატჩამდეც თქვა, რომ შენგელიას ბევრ დროს არ მისცემდა. თორნიკემ 16:38 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
ვირტუსმა პირველი ტაიმი 14 ქულით მოიგო (50:36) და ბევრს აფიქრებინა, რომ შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ლიონმა მესამე პერიოდში 13 ქულა აღმოფხვრა და მატჩში სიტუაცია ისევ დაიძაბა. ფრანგულმა კლუბმა ბოლო მეოთხედიც აღმავლობით ჩაატარა და მატჩი 84:79 გაიმარჯვა.
6 მატჩიდან 2 მოგებით ვირტუსი 18-გუნდიან ევროლიგაში მე-15 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ბოლონიელები 9 ნოემბერს, მილანთან გამართავენ, თუმცა მანამდე შენგელიას გუნდს იტალიის სერია A-ში “რეჯინასთან” მოუწევს დაპირისპირება. ქართველი ლეგიონერი ბოლონიას 9 ნოემბრის მატჩის შემდეგ დატოვებს და 10-ში საქართველოს ნაკრებს, რეიკიავიკში შეუერთდება, სადაც 11 ნოემბერს ჩვენს ეროვნულ გუნდს ისლანდიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.