შერმადინის 19 ქულა, 13 მოხსნა და გამარჯვება სომბათჰეიში

შერმადინის 19 ქულა, 13 მოხსნა და გამარჯვება სომბათჰეიში

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. მისი „ტენერიფე“ უნგრულ „სომბათჰეის“ ესტუმრა და 79:73 დაამარცხა.

გამარჯვებაში ლომის წილი ქართველ კალათბურთელს მიუძღვის. მან ზედიზედ მეორე მატჩში მიითვალა ორმაგი დუბლი – 19 ქულა, 13 მოხსნა 32 წუთში. გიომ 7-დან 7 საჯარიმო და 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, ერთი სამიანი მიზანს ააცილა. მოხსნებზე უფრო კონკრეტულად უნდა ვთქვათ: 13-დან 6 მოხსნა მან მეტოქის ფარზე მიითვალა. გარდა ამისა, შერმადინის ანგარიშზე 2-2 ჩაჭრა-დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემაა. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის შეხვედრაში საუკეთესო იყო: 29.

კარგი სტატისტიკა თამაშის მოგების გარანტია რომ არ არის, კარგად მოგეხსენებათ. თუმცა შერმადინის შემთხვევაში ასე არ აღმოჩნდა: იგი მეოთხე პერიოდში მოედანს მაშინ დაუბრუნდა, ტაბლოზე 64:68 რომ ეწერა და სირენამდე 4 წუთი რჩებოდა. დარჩენილ დროში „ტენერიფემ“ 11 ქულა ჩააგდო (79:73 გაიმარჯვა), საიდანაც 5 ქულა ქართველის ანგარიშზე დაფიქსირდა.

კუნძულელთა ვიცე-ბომბარდირი მარსელინიო უერტასი გახდა, რომელმაც 9 პასი და 15 ქულა მოაგროვა.

ტოპ-16-ის L ჯგუფში „სომბატჰეისა“ (უნგრეთი) და „ტენერიფეს“ (ესპანეთი) გარდა „ლიეტუვოს რიტასი“ (ლიეტუვა) და „სტრასბური“ (საფრანგეთი) თამაშობენ.