საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. მისი „ტენერიფე“ უნგრულ „სომბათჰეის“ ესტუმრა და 79:73 დაამარცხა.
გამარჯვებაში ლომის წილი ქართველ კალათბურთელს მიუძღვის. მან ზედიზედ მეორე მატჩში მიითვალა ორმაგი დუბლი – 19 ქულა, 13 მოხსნა 32 წუთში. გიომ 7-დან 7 საჯარიმო და 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, ერთი სამიანი მიზანს ააცილა. მოხსნებზე უფრო კონკრეტულად უნდა ვთქვათ: 13-დან 6 მოხსნა მან მეტოქის ფარზე მიითვალა. გარდა ამისა, შერმადინის ანგარიშზე 2-2 ჩაჭრა-დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემაა. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის შეხვედრაში საუკეთესო იყო: 29.
კარგი სტატისტიკა თამაშის მოგების გარანტია რომ არ არის, კარგად მოგეხსენებათ. თუმცა შერმადინის შემთხვევაში ასე არ აღმოჩნდა: იგი მეოთხე პერიოდში მოედანს მაშინ დაუბრუნდა, ტაბლოზე 64:68 რომ ეწერა და სირენამდე 4 წუთი რჩებოდა. დარჩენილ დროში „ტენერიფემ“ 11 ქულა ჩააგდო (79:73 გაიმარჯვა), საიდანაც 5 ქულა ქართველის ანგარიშზე დაფიქსირდა.
კუნძულელთა ვიცე-ბომბარდირი მარსელინიო უერტასი გახდა, რომელმაც 9 პასი და 15 ქულა მოაგროვა.
ტოპ-16-ის L ჯგუფში „სომბატჰეისა“ (უნგრეთი) და „ტენერიფეს“ (ესპანეთი) გარდა „ლიეტუვოს რიტასი“ (ლიეტუვა) და „სტრასბური“ (საფრანგეთი) თამაშობენ.