სტანდარტულ კალათბურთთან ერთად 3×3 საკალათბურთო აქტივობაც იზრდება. დღეს, სპორტკომპლექს არენაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული 2 ტურნირი გაიმართა, რომელთაგან ერთი 18-წლამდელთა შორის ჩატარდა, ხოლო მეორეში ასაკი შეზღუდული არ გახლდათ.
ტურნირი სახელწოდებით 3×3 spring 2021 საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ასაკშეუზღუდავ შეჯიბრში 11-მა გუნდმა მოიყარა თავი, რომლებმაც ჯერ ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზეს და საუკეთესოებმა ბრძოლა პლეი ოფიდან განაგრძეს. ნახევარფინალში Biodrone-მ დაძაბულ ბრძოლაში – 22:20 დაამარცხა “ტურა”, ხოლო Bronx-მა Black Squad-ს 21:14 მოუგო.
ფინალურ შეხვედრაში Bronx-მა 21:16 დაამარცხა Biodrone და ჩემპიონი გახდა. გამარჯვებული გუნდის ღირსებას იცავდნენ მიქაელ უგრეხელიძე, გიორგი ფშავლიშვილი, ირაკლი გლუნჩაძე და საბა ოქრიაშვილი. ჩემპიონი გუნდი საპრიზო ფონდიდან 500 ლარით დაჯილდოვდა, რომელსაც პრიზი 3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, ილია ლონდარიძემ გადასცა. მეორეზე გასულ Biodrone-ს 300 ლარი ერგო, რომელიც “ცხუმ-აფხაზეთში” სუპერლიგის ფინალისტმა და 3×3 საკლათბურთო ნაკრების წევრმა, ზუკა მაჩალაძემ დააჯილდოვა.
18-წლამდელთა ტურნირში თავი 6-მა გუნდმა მოიყარა. ფინალში ერთმანეთს “დინამო” და “1-ლი კვარტალი” შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში დინამოელებმა 21:18 იმარჯვეს და ჩემპიონის ტიტულთან ერთად 500-ლარიან პრიზსაც დაეპატრონნენ, რომლის ნომინალური ვაუჩერი მათ კალათბურთის ფედერაციის 3×3 განყოფილების ხელმძღვალემა გიგა გურგენიძემ გადასცა. გამარჯვებული გუნდის ღირსებას იცავდნენ: ნიკოლოზ თოთლაძე, სერგი ნინუა და ლევან ფირცხელიანი. 300 ლარით დაჯილდოვდა ფინალში დამარცხებული პირველი კვარტლის გუნდი.
3×3 საკალათბურთო სეზონი აქტიურად გაგრძელდება.